მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2026 წელს საქართველო ევროობლიგაციის გამოშვებით $500 მილიონს ისესხებს და 2021 წელს გამოშვებულ ბონდს დაფარავს

კობახიძე

2026 წლის გაზაფხულზე "ოცნების" მთავრობა $500-მილიონიან ახალ ევროობლიგაციას გამოუშვებს. ახალი ფასიანი ქაღალდის გამოშვებით მთავრობა 2021 წელს გამოშვებულ ევრობონდს დაფარავს, შესაბამისად, მის რეფინანსირებას მოახდენს.

მთავრობამ ახალი ფასიანი ქაღალდის განთავსების მიზნით სპეციალური კომისია უკვე დააკომპლექტა. საბჭოში შედიან ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე, ასევე ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები და სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები.

განკარგულების თანახმად, ფასიანი ქაღალდის გამოშვებაში მონაწილეობისთვის მთავრობა მოლაპარაკებებს გამართავს JPMorgan-თან, Citi ბანკთან, Barclays-თან, Goldman Sachs-თან, HSBC-თან და სხვა გლობალურ საფინანსო ორგანიზაციებთან. ასევე მოლაპარაკებები გაიმართება Galt & Taggart-თან და TBC Capital-თან.

საქართველოს მთავრობამ ევროობლიგაცია, რომლის რეფინანსირებაც მომდევნო წელს უნდა მოხდეს 2021 წელს გამოუშვა. ფასიანი ქაღალდის კუპონის განაკვეთი 2.75% იყო, შესაბამისად საქართველო მის მომსახურებაზე ყოველწლიურად მთლიანი თანხის 2.75%-ს ხარჯავდა.

ფინანსთა სამინისტროს თანახმად, 2024 წელს ევრობონდის განაკვეთის მომსახურება ბიუჯეტს 37 მილიონი ლარი დაუჯდა.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 2025 წელს საერთაშორისო საფინანსო ბაზარზე 2021 წლისგან რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა. საქმე ისაა, რომ 2021 წლის ბოლოს და შემდგომ 2022-2023 წლებში მსოფლიოში საპროცენტო განაკვეთები მკვეთრად გაიზარდა რაც დასავლეთში მნიშვნელოვან ინფლაციურ ტალღას უკავშირდებოდა. აქედან გამომდინარე, მსოფლიოში კრედიტის მოზიდვა გაძვირდა.

შედარებისთვის, თუკი 2021 წლის გაზაფხულზე, მაშინ როდესაც საქართველომ 500 მილიონი დოლარის ევრობონდი 2.75%-ის კუპონით განათავსა, აშშ-ის 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციის განაკვეთი 1%-ს შეადგენდა, 2025 წლის ივლისში გამოშვებულ სახაზინო ობლიგაციებზე კი ეს განაკვეთი 4.4%-ია. ანალოგიურად, გერმანიის 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების განაკვეთი 2021 წელს 0%-თან იყო ახლოს, 2025 წლის ივლისში გამოშვებულ სახაზინო ობლიგაციებზე კი განაკვეთი 2.6%-ის ტოლია. შესაბამისად, მაღალი ალბათობით 2026 წელს საქართველო ვერ გამოუშვებს 5.5-6%-ზე დაბალი განაკვეთით ახალ ევრობონდს. შესაბამისად, ახალი ფასიანი ქაღალდის მომსახურების წლიური ღირებულება სავარაუდოდ გაორმაგდება და 37 მილიონი ლარიდან 80 მილიონ ლარს მიაღწევს. ამასთან, ახალი ფასიანი ქაღალდის კუპონის განაკვეთი ასევე დამოკიდებული იქნება იმაზეც მოხდება თუ არა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის ცვლილება S&P Global-ის, Fitch-ისა და Moody's-ის მხრიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები