მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში - 20-25 იანვარი

ფასების კომისია

გთავაზობთ 20-25 იანვრის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში.

სურსათის ფასებთან დაკავშირებით სუს-ი ათობით სარეალიზაციო და სადისტრიბუციო კომპანიაში შევიდა

22 იანვარს სუს-მა სარეალიზაციო და სადისტრიბუციო კომპანიებიდან დოკუმენტაციის ამოღება დაიწყო. ამასთან, 21 იანვარს ფასების შესახებ შექნმილმა კომისიამ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ქსელური მარკეტების ხელმძღვანელებთან გამართა შეხვედრა, 23 იანვარს კი კომისიის ფარგლებში შეხვედრა სადისტრიბუციო კომპანიების დირექტორებთან გაიმართა.

„ათობით განჩინების საფუძველზე, სუს-მა დაიწყო კომპანიებიდან დოკუმენტების ამოღება შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით", - აცხადებენ სუს-ში.

საქართველომ $500-მილიონიანი ევროობლიგაციის რეფინანსირება მოახდინა

საქართველომ 23 იანვარს ახალი $500-მილიონიანი ევროობლიგაცია განათავსა - ახალი ფასიანი ქაღალდის კუპონის განაკვეთი 5.125% იქნება და მისი მეშვეობით 2021 წელს გამოშვებული ფასიანი ქაღალდის რეფინანსირება მოხდება. ამასთან, რეფინანსირება ვადაზე ადრე განხორციელდა, რადგან წინა ფასიანი ქაღალდის დაფარვის ვადა 2026 წლის აპრილში იყო განსაზღვრული.

ახალი ფასიანი ქაღალდის ვადიანობა 5 წელი იქნება და მას სახელმწიფო ბიუჯეტი 2031 წლის იანვარში დაფარავს.

საქართველოს წინა სახელმწიფო ევროობლიგაცია რომელიც 2021 წელს იქნა გამოშვებული 2.75%-ის კუპონის განაკვეთს ატარებდა. თუმცა, აღნიშნულ პერიოდში თავად აშშ დოლარის რესურსის ღირებულება 0.4% იყო, მაშინ როდესაც 2026 წლის იანვრის მდგომარეობით აშშ-ის 5-წლიანი სახაზინო ობლიგაციის განაკვეთი 3.82%-ს შეადგენს. შესაბამისად სპრედი - ანუ რისკის სხვაობა რომელიც ინვესტორებმა საქართველოს სახელმწიფო ვალს დააკისრეს 2021 წელთან შედარებით შემცირებულია (2021 წელს სპრედი, ანუ სხვაობა აშშ-ის სახაზინო ობლიგაციის განაკვეთთან 2.35% იყო; 2026 წელს 1.3%).

საქართველომ ექსპორტზე რეკორდული 2.8 მილიარდის მსუბუქი ავტომობილები გაიტანა

საქსტატმა 2025 წლის საგარეო ვაჭრობის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასულ წელს საქართველოს ექსპორტი 11.2%-ით, 7.3 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. საქსტატის ანგარიშის თანახმად, ექსპორტში პირველ ადგილს მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი იკავებს 2.8 მილიარდი დოლარით, სადაც მატება 16%-ია. ავტოექსპორტის ნახევარზე მეტი ($1.5 მილიარდი) ყირგიზეთის მიმართულებით გავიდა, რის შედეგადაც ყირგიზეთმა საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზრის სტატუსი დაიკავა.

რაც შეეხება რიგით მეორე საქონელს, 379 მილიონი დოლარი იყო ძვირფასი ლითონების მადნების ექსპორტი, რაც წლიურად 60%-ით გაიზარდა. აღნიშნული ძირითადად ოქროს ფასის მატებით იყო განპირობებული. მესამე პოზიციას იკავებს სპირტიანი სასმელები 282 მილიონი დოლარით, სადაც კლება 2%-ია, შემდეგ პოზიციაზე კი ღვინოებია 268 მილიონით, სადაც კლება 3%-ს შეადგენს.

საქართველოს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობით 67 მილიონი ლარი დაიზოგა - ანგარიში

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ ეფექტიანობის დეპარტამენტის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, გასულ წელს ამ უწყების მუშაობით ბიუჯეტს 67.4 მილიონი ლარი დაეზოგა. დეპარტამენტმა სულ 114.9 მილიონი ლარის სახელმწიფო პროგრამები და შესყიდვები შეისწავლა, რომელთაგან უწყების ჩართულობით 67.4 მილიონი ლარის ეკონომია განხორციელდა. გარდა ამისა, წლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტმა გამოავლინა ბიუჯეტის არარაციონალურად და გაუმჭვირვალედ ხარჯვის რისკები სახელმწიფო შესყიდვებში, რომელთა შესახებაც საგამოძიებო უწყებებში გაიგზავნა მასალები. ეფექტიანობის დეპარტამენტი ირაკლი კობახიძის ინიციატივით 2025 წელს შეიქმნა და მას გასული წლის 23 ივნისიდან გურამ დუმბაძე ხელმძღვანელობს. დუმბაძე იქამდე მთავრობის შიდა აუდიტის სამსახურს ხელმძღვანელობდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშებისგან განსხვავებით, სადაც ყოველთვის დეტალური სახით არის აღწერილი თუ რა პროგრამებსა და შესყიდვებში გამოვლინდა ნაკლოვანებები/ხარვეზები ასევე რომელი შესყიდვების შესახებ მიმართეს საგამოძიებო უწყებებს, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის 2025 წლის ანგარიშში აღნიშნული დეტალები წარმოდგენილი არაა.

2025 წელს საგადასახადო გეგმა 17 მილიონი ლარის გადაჭარბებით შესრულდა

ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასულ წელს გადასახადების გეგმა გადაჭარბებით შესრულდა. ბიუჯეტით 2025 წლის განმავლობაში 21,940,000,000 ლარის გადასახადების აკრეფა იყო დაგეგმილი, ხოლო ხაზინის თანახმად, ბიუჯეტში შესულია 21,957,477,800 ლარი, შესაბამისად საბიუჯეტო შემოსავლების გადაჭარბება 17.5 მილიონ ლარს შეადგენს.

2025 წლის განმავლობაში კონკრეტული გადასახადების მიხედვით, საბიუჯეტო შესრულება ასე ნაწილდება:

  • საშემოსავლო გადასახადი - 7,515,067,100 ლარი, გეგმის 99.6%;
  • დამატებული ღირებულების გადასახადი - 8,126,469,300 ლარი, გეგმის 99.9%;
  • მოგების გადასახადი - 2,881,352,200 ლარი, გეგმის 100%;
  • აქციზის გადასახადი - 2,728,646,300 ლარი, გეგმის 103%;
  • იმპორტის გადასახადი - 146,620,400 ლარი, გეგმის 101%;
  • სხვა გადასახადები - 559,333,400 ლარი, გეგმის 96.4%.

სამტრედიიდან ზუგდიდამდე 4-ზოლიანი 75-კილომეტრიანი მაგისტრალის პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სამეგრელოს რეგიონში 4-ზოლიანი მაგისტრალის განვითარებას გეგმავს. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო ბაზრის მოკვლევა საპროექტო სამუშაოების მოსამზადებლად დღეს გამოაცხადა. პროექტის ყველა ლოტის ჯამური სიგრძე 75 კილომეტრს შეადგენს და ის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალს სამტრედიის მიმდებარედ დაუკავშირდება.

2025 წელს საქართველოში 32.8 მილიარდი ლარის ხელფასები გაიცა

2025 წელს საქართველოში ხელფასების სახით სულ 32.8 მილიარდი ლარი გაიცა - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის სტატისტიკიდან ხდება ცნობილი. აღნიშნული ხელფასი მთლიანობაში 1,258,006-მა პირმა მიიღო, რომელთა შორისაც შედიან როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში არიან დასაქმებული.

ხელფასების მოცულობა 2025 წელს 3.7 მილიარდი ლარით, ანუ 13%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ხელფასის მიმღებთა რიცხვს, ის მხოლოდ 4,398-ით, ანუ 0.4%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება ერთ ადამიანზე გაცემულ საშუალო ხელფასს, ის წლიურად 26,075 ლარს, ანუ თვეში 2,173 ლარს შეადგენდა (ამას აკლდება საშემოსავლო გადასახადი თვეში 435 ლარის ოდენობით), შესაბამისად საშუალო ხელზე ასაღები ხელფასი თვეში 1738 ლარი იყო. წლიურად ეს მაჩვენებელი 192 ლარით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები