მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგარეო ვალების მომსახურება 2027 წელს ბიუჯეტს 2.3 მილიარდი ლარი დაუჯდება - ვის ვალს დაფარავს სახელმწიფო?

კობახიძე ქვრივიშვილი

ფინანსთა სამინისტრომ 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო 2.07 მილიარდი ლარის ახალ საგარეო ვალებს აიღებს, ხოლო არსებული საგარეო ვალების მომსახურებაზე 2.28 მილიარდ ლარს დახარჯავს, მათ შორის 1.49 მილიარდ ლარს კრედიტების ძირის, 794 მილიონ ლარს კი საპროცენტო განაკვეთის მომსახურებაზე.

შედარებისთვის, 2026 წელს საგარეო ვალების მომსახურების ბიუჯეტი 3.64 მილიარდი ლარი იყო. აქედან $500 მილიონი დოლარი წინა სუვერენული ობლიგაციის დაფარვას მოხმარდა, თუმცა მთავრობამ გაზაფხულზე ახალი $500-მილიონიანი ევრობონდი განათავსა, შესაბამისად კრედიტის რეფინანსირება მოახდინა. ევრობონდის გარეშე კი სხვა საგარეო ვალების მომსახურების ბიუჯეტი 2026 წელს 2.26 მილიარდ ლარს შეადგენდა, რაც თითქმის იმდენივეა, რაც 2027 წლის საგარეო ვალების დაფარვის გეგმა.

ვალების მომსახურებიდან 2027 წელს მთავრობა ყველაზე მეტ თანხას - 600.7 მილიონ ლარს მსოფლიო ბანკის ჯგუფს გადაუხდის. აქედან 348.5 მილიონი ლარი კრედიტის ძირის, 252.2 მილიონი ლარი კი პროცენტის მომსახურებაზე მიიმართება. მეორე ადგილზეა აზიის განვითარების ბანკი 599 მილიონი ლარით.

კრედიტორები ვალდებულებების ძირის მომსახურება სესხების პროცენტი სულ ვალების დაფარვა 2027 წელს - გეგმა
მსოფლიო ბანკი (IBRD და IDA) ₾348.50 მილიონი; ₾252.20 მილიონი; ₾600.70 მილიონი;
ADB ₾370.00 მილიონი; ₾229.00 მილიონი; ₾599.00 მილიონი;
გერმანია ₾297.80 მილიონი; ₾38.10 მილიონი; ₾335.90 მილიონი;
საფრანგეთი ₾144.60 მილიონი; ₾45.30 მილიონი; ₾189.90 მილიონი;
EIB ₾88.20 მილიონი; ₾80.20 მილიონი; ₾168.40 მილიონი;
EBRD ₾83.10 მილიონი; ₾29.10 მილიონი; ₾112.20 მილიონი;
IMF ₾92.60 მილიონი; ₾10.20 მილიონი; ₾102.80 მილიონი;
$500 მილიონიანი ევრობონდი (ობლიგაციის ძირს $500 მილიონს მთავრობა ერთიანად დაფარავს) ₾69.20 მილიონი; ₾69.20 მილიონი;
AIIB ₾15.50 მილიონი; ₾32.30 მილიონი; ₾47.80 მილიონი;
იაპონია ₾17.30 მილიონი; ₾1.90 მილიონი; ₾19.20 მილიონი;
IFAD ₾8.70 მილიონი; ₾2.20 მილიონი; ₾10.90 მილიონი;
EC ₾6.20 მილიონი; ₾1.50 მილიონი; ₾7.70 მილიონი;
ქუვეითი ₾4.80 მილიონი; ₾1.20 მილიონი; ₾6.00 მილიონი;
ავსტრია ₾5.20 მილიონი; ₾0.20 მილიონი; ₾5.40 მილიონი;
აშშ ₾4.10 მილიონი; ₾0.10 მილიონი; ₾4.20 მილიონი;
NEFCO ₾2.40 მილიონი; ₾0.60 მილიონი; ₾3.00 მილიონი;
CEB ₾1.00 მილიონი; ₾1.00 მილიონი; ₾2.00 მილიონი.

უფრო დეტალურად რა მოცულობის ახალი კრედიტების აღებას გეგმავს მთავრობა მომდევნო წელს შეგიძლიათ იხილოთ სტატიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები