Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2026 წლის ბოლოსთვის კოსმოსური ინდუსტრიის ლიდერი – SpaceX საფონდო ბირჟაზე დებიუტს გეგმავს.
შეფასებასთან დაკავშირებით განსხვავებული ცნობებია, თუმცა IPO-ს მოლოდინი $560 მილიარდიდან $800 მილიარდის ფარგლებშია, რაც მომდევნო თვეების განმავლობაში დაგეგმილ კერძო საინვესტიციო რაუნდებზე და სტარტაპის ფინანსურ შედეგებზე იქნება დამოკიდებული.
თუკი ილონ მასკის სტარტაპი მართლაც შეძლებს 2026 წელს IPO-ზე გასვლას, სავარაუდოდ, მისი ქონების შეფასება დრამატულად გაიზრდება, რადგან SpaceX ფართო საზოგადოებისათვის გახდება ხელმისაწვდომი და მეტი ინვესტიციის მოზიდვას შეძლებს.
უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტულ თარიღს სტარტაპი არ ასახელებს და თუ 2026 წელს მსოფლიოში მაკროეკონომიკური მდგომარეობა სახარბიელო არ იქნება, მაშინ SpaceX-ის საჯარო დებიუტი გადაიდება.
ცხადია, IPO-სთან დაკავშირებით SpaceX-ის გეგმები არაერთხელ შეიძლება შეიცვალოს, რადგან ინვესტორებს IPO-სთვის მაქსიმალურად ოპტიმალური პერიოდის შერჩევა სურთ.




























