პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირეს. ფინანსთა სამინისტროს მიერ წარდგენილი პროექტის თანახმად, მომდევნო წელს სუს-ის დაფინანსება 13.5 მილიონი ლარით გაიზრდება და 265 მილიონ ლარს მიაღწევს.
ბიუჯეტის მიხედვით, უწყების ბიუჯეტის მატება ძირითადად სახელფასო ფონდის ზრდას უკავშირდება. ბიუჯეტის პროექტის თანახმად, შტატიანი თანამშრომლების რაოდენობა 3,850-ია, მათ ხელფასებზე კი 152.6 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება, რაც მიმდინარე წელთან შედარებით 14 მილიონი ლარით მეტია.
სუს-ის ბიუჯეტიდან 25 მილიონი ლარი საგარეო დაზვერვას მოხმარდება, 50 მილიონი ლარი კი ოპერატიულ ტექნიკურ სააგენტოს, ხოლო 186 მილიონი ლარი სუს-ის სხვა მიმართულებებზე და ფუნქციებზე გადანაწილდება.
აღსანიშნავია, რომ 2026 წლის ბიუჯეტის პროექტით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი 1 473,0 მილიონი ლარი, თავდაცვის სამინისტროს - 1 800,0 მილიონი ლარი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური - 120.5 მილიონი ლარი იქნება.




























