უკრაინა პირველი ევროპული ქვეყანა გახდება, სადაც Starlink-ის მობილური ინტერნეტი გაეშვება.
უკრაინული მობილური ოპერატორის, Kyivstar-ის გენერალური დირექტორის, ოლექსანდრ კომაროვის თქმით, Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის დახმარებით WhatsApp-ში, Signal-ში და მსგავს აპლიკაციებში მესიჯების გაგზავნას მომხმარებლების მიმდინარე წლის ბოლოს შეძლებენ, ინტერნეტის სერვისის ფართომასშტაბიანი გაშლა კი 2026 წლის მეორე ნახევარში არის დაგეგმილი.
როგორც უკრაინულ კომპანიაში ამბობენ, ევროპისთვის ეს სამაგალითო პროექტი იქნება. უკრაინული Kyivstar-ი ნიდერლანდური VEON-ის შემადგენლობაში შედის, რომელიც ამერიკულ საფონდო ბირჟაზე დალისტვას გეგმავს, რაშიც Starlink-თან თანამშრომლობა, შესაძლოა, სასარგებლო იყოს.
ევროპაში, მართალია, Starlink-ის მობილური ინტერნეტი პირველად გამოჩნდება, მაგრამ ასეთივე სერვისი ილონ მასკის კომპანიას უკვე დანერგილი აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ექსკლუზიური უფლება T-Mobile-მა მოიპოვა.




























