მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2026 წლიდან ანაკლიის პორტამდე მისასვლელი 17-კილომეტრიანი გზის მშენებლობა დაიწყება

ინფრასტრუქტურის სამინისტრო

2026 წლიდან ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მისასვლელი 17-კილომეტრიანი ორზოლიანი საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყება - ამის შესახებ "ოცნების" მთავრობაში ინფრასტრუქტურის მინისტრმა პარლამენტში ინტერპელაციისას განაცხადა.

"დაიწყება ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზის სამუშაოები. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ რკინიგზის დეპარტამენტთან, რომ მათ მიერ განსახორციელებელი სამუშაოები და ჩვენს მიერ დაგეგმილი სამუშაოები იყოს თანხვედრაში და ასე ვთქვათ, ერთობლივად აქტიურად ვიმუშაოთ, რომ იმ პერიოდის დროს, როდესაც დაგეგმილია პორტის ამუშავება, საგზაო ინფრასტრუქტურა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა იყოს ამისთვის მზად,"- პარლამენტში განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტში წარდგენილი 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ანაკლიის პორტისა და მისასვლელი გზის მშენებლობაზე საერთო ჯამში 195 მილიონი ლარის დახარჯვაა დაგეგმილი.

კერძოდ, 150 მილიონი ლარი დაიხარჯება პორტის ფსკერის დაღრმავების სამუშაოებსა და ტალღმჭრელის მოწყობაზე, ხოლო 45 მილიონი ლარი — მისასვლელი გზის მშენებლობაზე. გზის მშენებლობის დასრულება 2027 წელსაა დაგეგმილი, რისთვისაც დამატებით 125 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლიდან გარდა გზის მშენებლობისა, იგეგმება სამტრედია–ზუგდიდის 67-კილომეტრიანი მონაკვეთის დეტალური პროექტირების მომზადებაც, რომლის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება ამ ეტაპზე მუშავდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები