მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2026 წლიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილება და ბიუჯეტი გაიზრდება - კანონპროექტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება, უწყებების ფუნქციები და უფლებამოსილებები კი აუდიტის სამსახურში გადავა, რაც აუდიტის სამსახურის ბიუჯეტს გაზრდის. შესაბამისი კანონპროექტების პაკეტი „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ საკანონმდებლო ორგანოს უკვე წარუდგინა.

საქართველოს კანონში ცვლილებათა პაკეტის ავტორები და ინიციატორები არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და აკაკი ალადაშვილი არიან.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, უწყებების ლიკვიდაციის მიზანი მათი ფუნქციების დამოუკიდებელი ორგანოსთვის დაქვემდებარებაა.

„საქართველოს კონსტიტუციური წყობილებიდან და კონსტიტუციური სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე, სახელმწიფო მმართველობის მოდელი ექსკლუზიურად წესრიგდება საქართველოს კონსტიტუციით და ამდენად, სახელმწიფო ორგანოთა სამართლებრივი სტატუსიც ძირითადად კონსტიტუციით განისაზღვრება. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით ანტიკორუფციული ბიუროს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ფუნქციები და უფლებამოსილებები საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ შესაბამის დამოუკიდებელ ორგანოს გადაეცემა. ამ შემთხვევაში ასეთი დამოუკიდებელი ორგანოა სახელმწიფო აუდიტის სამსახური“, - განმარტავენ კანონპროექტის ავტორები.

ცვლილებების მიღების შემდეგ კანონი 2026 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება. ამასთან, კანონპროექტის მიღების შედეგად ხარჯები სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის განკუთვნილი ასიგნებებიდან დაიფარება. ანტიკორუფციული ბიუროსთვის და ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის განსაზღვრული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილება კი სახელმწიფო აუდიტის სამსახურს 2026 წლის 1 მარტიდან მიენიჭება.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ორი უწყების ლიკვიდაციის შედეგად, ანტიკორუფციულ ბიუროსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში მომუშავე ყველა თანამდებობის პირსა და თანამშრომელთან შრომითი ურთიერთობა, აგრეთვე სტაჟირების გავლასთან დაკავშირებული ყველა სამართლებრივი ურთიერთობა (ასეთი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის შემთხვევაში) შეწყდება. ამასთანავე, აღნიშნულ თანამდებობის პირებსა და თანამშრომლებს სათანადო პირობების დაცვით შესაბამისი კომპენსაცია მიეცემათ, რომლის გაცემასაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური უზრუნველყოფს. გასაცემი კომპენსაციის საერთო ოდენობა კი კომპენსაციის მიმღებ პირთა რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქციებისა და უფლებამოსილებების სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის გადაცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საბიუჯეტო ხარჯების გარკვეულწილად გაზრდის, რაც მომდევნო წლების სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საბიუჯეტო ასიგნებებში აისახება.

აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტი 2026 წელს 24 მლნ ლარით გაიზრდება და სავარაუდოდ 50.2 მლნ ლარი იქნება.

აღსანიშნია, რომ 2025 წლის მდგომარეობით, ანტიკორუფციული ბიუროს ბიუჯეტი 13.2 მილიონი ლარია, 2026 წლისთვის კი მასზე 14.5 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმებოდა. ანტიკორუფციულ ბიუროს 2023 წლის სექტემბრიდან არსებობს და მას რაჟდენ კუპრაშვილი ხელმძღვანელობს. უწყების საშტატო შემადგენლობა 121 დასაქმებულისგან შედგება, რომელთა ხელფასებზეც წელს 7.8 მილიონი ლარი იხარჯება.

2025 წლის მდგომარეობით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 84 ადამიანს ასაქმებს, მისი ბიუჯეტი კი 9 მილიონ ლარია, საიდანაც ხელფასებზე 6.4 მილიონი ლარი იხარჯება. 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ბიუჯეტი 9.5 მლნ ლარი უნდა იყოს.

2025 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტი 25.2 მილიონ ლარს შეადგენს. მასში სულ 341 ადამიანია დასაქმებული, რომელთა წლიური ხელფასიც 20.4 მილიონი ლარია. 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით კი უწყების ბიუჯეტი 26.2 მლნ ლარი უნდა იყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები