მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიზნესის დუმილის" კანონით ხელისუფლება იზოლაციაში აქცევს ამ ძალას|ინტერვიუ დავით ბეგიაშვილთან

დავით ბეგიაშვილი

ჰოლდინგური კომპანია “ვაკე 5-ის“ და "ალბატროს ჯგუფის" დამფუძნებელ დავით ბეგიაშვილის შეფასებით, ე.წ. “ბიზნესის დუმილის” კანონით ხელისუფლება იზოლაციაში აქცევს ბიზნესმენებს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილთან” ინტერვიუში საქართველოში არსებული ბიზნესგარემოს მიმოხილვისას განაცხადა.

დავით ბეგიაშვილის აზრით, მმართველი გუნდი ე.წ. "ბიზნესის დუმილის" კანონით "მინდორს ისუფთავებს" - ხელისუფლება თადარიგს იჭერს, რათა წარმატებულ და ორგანიზებულ ბიზნესმენებს პოლიტიკაში წასვლა, საკუთარი აზრის გამოხატვა და ოპონირება შეუზღუდოს.

მისივე შეფასებით, ქვეყანაში თავისუფალ ბიზნესს ოპერირებისთვის ძალიან მცირე სივრცე რჩება, რადგან სექტორის უმრავლესობას ხელისუფლება აკონტროლებს.

ინტერვიუ ბიზნესმენ დავით ბეგიაშვილთან

- იმ პროგნოზების საპირისპიროდ, რაც ბიზნესმენების და ეკონომისტების ნაწილს ორი წლის წინ გქონდათ, ქვეყანაში საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპია - ყოველ შემთხვევაში, ასეთია ოფიციალური სტატისტიკა. როგორ გადაურჩა ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისს ანუ რა ამუშავებს დღეს საქართველოს ეკონომიკას?

- ეკონომიკურ კრიზისს, ალბათ, ისევ ბიზნესის აქტივობის წყალობით გადავურჩით, თუმცა, საგარეო კურსის ცვლილება საგრძნობლად მოქმედებს ინვესტიციებზე. ორი აზრი არ არის - ბევრად მეტის გაკეთება შეიძლებოდა, ქვეყანაში ინვესტიციები დაცული რომ ყოფილიყო. დაცულობაში ვგულისხმობ უფრო გამჭვირვალე სამართლებრივ გარემოს, რის გამოც ბიზნესს ინვესტიციები სხვა, მეზობელ ქვეყნებში მიაქვს.

- როგორია ბიზნესის განწყობები დღეს ქვეყანაში - რას გრძნობთ კოლეგებთან კომუნიკაციისას?

- სამწუხაროდ, ბიზნესგარემოში ისეთი რეალობა ჩამოყალიბდა, რომ ძალიან ცოტა დამოუკიდებელი ბიზნესი თუ დარჩა. მოგებიანი ბიზნესების უმრავლესობა ხელისუფლებების მიერ კონტროლდება; თავისუფალ ბიზნესს ოპერირებისთვის ძალზე მცირე სივრცე რჩება.

- რას გულისხმობთ, როდესაც ამბობთ, რომ ბიზნესი ხელისუფლების მიერ კონტროლდება - რა ვალდებულებებით არიან ბიზნესმენები დატვირთულები?

- ნებისმიერი სახელმწიფო შეკვეთა თუ მსხვილი პროექტი მჭიდროდ არის დაკავშირებული ხელისუფლებასთან. შესაბამისად, სრულიად თავისუფალ ბიზნესს საოპერაციოდ ძალიან მცირე არეალი რჩება.

- თქვენი დაკვირვებით, რამდენად თავისუფლები არიან დღეს ბიზნესმენები, თან იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე წლიდან ძალაში შევიდა ე.წ. ბიზნესის დუმილის კანონი, რომლის თანახმად, მეწარმე სუბიექტებს საჯარო პოლიტიკური აქტივობა აეკრძალათ?

- ფაქტია, ბიზნესმენები თავისუფლები არ არიან და ამ კანონით კონტროლდებიან… ეს კანონი ბიზნესს უზღუდავს აზრის გამოხატვას, მიუხედავად იმისა, რომ აზრის და გამოხატვის თავისუფლება საქართველოს მოქალაქეებისთვის კონსტიტუციით არის გარანტირებული… ეს კანონი პირდაპირ მორგებულია იმაზე, რომ ქვეყანაში წარმატებულ ადამიანებს შეეზღუდოთ პოლიტიკაში წასვლა და საკუთარი აზრის გამოხატვა, რაც თავისთავად დისკრიმინაციულია. ამ კანონს უკუძალა რომ ჰქონდეს, წინა ხელისუფლების ის ლიდერებიც დაისჯებოდნენ, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლამდე ბიზნესმენები იყვნენ.

- როდის იქცევიან ხელისუფლებები ასე და რისი შეეშინდა მმართველ გუნდს, როდესაც ასეთი კანონი მიიღო?

- "მინდორს ისუფთავებენ" და იზოლაციაში აქცევენ იმ ძალას, რომელსაც [ოპონირება შეუძლია]. ბიზნესი თავისთავად უფრო ორგანიზებულია და მეტი შესაძლებლობა აქვს…

- ხელისუფლებამ კი ამ ნაბიჯით, გარკვეულწილად, წინასწარ დაიჭირა თადარიგი, რომ რომელიმე ბიზნესმენმა პოლიტიკაში წასვლა არც კი გაიფიქროს?

- რა თქმა უნდა…

- “ქართული ოცნების" დეპუტატებმა განმარტეს, რომ თუ თქვენ საუბრობთ როგორც მოქალაქე დავით ბეგიაშვილი, ამის სრული უფლება გაქვთ, თუმცა არა - როგორც „ალბატროსის“ დამფუძნებელს…

- რთულია ერთმანეთისგან გამიჯნო მოქალაქე და ბიზნესსტრუქტურის ხელმძღვანელი, ასე რომ, პირდაპირ ამ პროცესის ფოკუსში ვარ. მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი დისკრიმინაციულია და ქვეყანაში მსგავსი შეზღუდვები არ უნდა არსებობდეს.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები