ჰოლდინგური კომპანია "ვაკე 5-ის" და "ალბატროს ჯგუფის" დამფუძნებელი დავით ბეგიაშვილი აცხადებს, რომ “ქართულმა ოცნებამ” წინა ხელისუფლების დროს დაზარალებული ბიზნესმენებისთვის მიცემული დაპირება სრულად ვერ შეასრულა.
“ჩემს შემთხვევაში, “ოცნებამ” პირობა ვერ შეასრულა - სამართლიანობა ვერ აღადგინა”, - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილთან” ინტერვიუში.
საუბარია ე.წ. "ალბატროსის საქმეზე". თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, 44 ნომერში მდებარე კომერციული ფართი (მაღაზია „ალბატროსი“, 300 კვ.მ ფართი) ბიზნესმენს, როგორც თავად ამბობს, 2011 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, 3-მილიონიანი ჯარიმისა და პატიმრობის ფონზე ჩამოართვეს და ეკონომიკის სამინისტროს გადასცეს. მიუხედავად იმისა, რომ დავით ბეგიაშვილმა მოგვიანებით, 2012 წელს შვეიცარიაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო, შემდეგ საქართველოში პოლიტდევნილის სტატუსით დაბრუნდა და დაყადაღებული ქონება და საგადასახადო ჯარიმები სასამართლო წესით მოიხსნა, მთავარი აქტივი დღემდე სახელმწიფოს ბალანსზე რჩება.
"მიუხედავად იმისა, რომ ამ ფართში დღესაც ოპერირებს ჩვენი მაღაზია, იურიდიული ფორმალობა მოსაგვარებელია, რათა ქონება ისევ ჩვენს ბალანსზე დაბრუნდეს", - ამბობს ბიზნესმენი.
აღსანიშნავია, რომ სხვა საქმეებისგან განსხვავებით, სადაც “ქართული ოცნების” ხელისუფლება “სამართლიანობის აღდგენის” გაჭიანურების მიზეზად ქონების მესამე პირებზე გადაყიდვას ასახელებდა, დავით ბეგიაშვილის შემთხვევაში, ბიზნესმენის თქმით, ობიექტი ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაშია.
დავით ბეგიაშვილს მიაჩნია, რომ ფორმალური პროცედურები პროკურატურისა და შესაბამისი უწყებების მხრიდან პოლიტიკური ნების არარსებობის გამო, წლებია გაწელილია, ხოლო ოფიციალურ კორესპონდენციებს პასუხიც კი არ ეცემა.
- საკმაოდ გახმაურებული იყო თქვენი დავა სახელმწიფოსთან, წინა ხელისუფლების პერიოდში. 2026 წელს, რისი თქმა შეგიძლიათ - რამდენად შეძლო „ოცნების“ ხელისუფლებამ სამართლიანობის აღდგენა „ალბატროს ჯგუფისთვის“?
- პრაქტიკულად ვერ აღადგინა, ვერ შეასრულა ეს პირობა… ვიტყოდი, რომ სამართლიანობის აღდგენის ამ პროცესს მსხვერპლიც კი მოჰყვა - იყვნენ ბიზნესმენები, რომლებიც მოკლეს. პრაქტიკულად, ამ პროცესმა ჩემს შემთხვევაშიც არ იმუშავა.
- რა აქტივი დაგიბრუნდათ, რა დარჩა დასაბრუნებელი და ვისთან გაქვთ კითხვები?
- მთავარი კითხვები ისევ და ისევ მთავრობასთან მაქვს; პირველ რიგში კი, კითხვები პროკურატურასთან და ეკონომიკის სამინისტროსთან რჩება. რაც შეეხება იმას, თუ რა დამიბრუნდა - წინა ხელისუფლების დროს, პრაქტიკულად, ყველაფერი დაყადაღებული მქონდა, თუმცა სასამართლო პროცესში გავიმარჯვეთ და ეს ყადაღები მოიხსნა. შემდგომ შემოსავლების სამსახურსაც ჰქონდა გარკვეული პრეტენზიები, მაგრამ საგადასახადო კუთხითაც გავმართლდი. ერთადერთი, იმ ეტაპზე, როცა დაპატიმრებული ვიყავი, ჩემი ფლაგმანი მაღაზია (ჭავჭავაძის გამზირზე) ეკონომიკის სამინისტროს გადააფორმეს. სწორედ ეს აქტივი დარჩა დასაბრუნებელი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფართში დღესაც ვოპერირებთ, ეს ფორმალობა მოსაგვარებელია, რათა ქონება ისევ ჩვენს ბალანსზე დაბრუნდეს.
- რა უშლის ხელს აქტივის ოფიციალურად თქვენ საკუთრებაში დაბრუნებას, თუ ის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და გადაყიდული არაა?
- პროცესი გაიწელა. ჯერ იყო დაპირებები, მერე საუბრობდნენ კომისიების შექმნაზე, სადაც ეს საქმე უნდა გასულიყო, ბოლოს კი თითქოს საგამოძიებო კომისიაც შეიქმნა, მაგრამ ყველაფერი უშედეგოდ დასრულდა. ჯერჯერობით, ელემენტარული ნებაც კი არ არსებობს - ოფიციალურ კორესპონდენციასაც აღარ პასუხობენ. თქვენი გადაცემით/ეთერით კიდევ ერთხელ მივმართავ პროკურატურას, იქნებ როგორმე მიხედონ ამ თემას და [ეს ქონება ჩვენს ბალანსზე დააბრუნონ].
- BMG-ც ჩვენი მანდატის ფარგლებში, აუცილებლად მივმართავთ შესაბამისი კითხვებით პროკურატურას და ეკონომიკის სამინისტროს.




























