მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2026 წლიდან "თეგეტა" პროდუქტების ერთიან კატალოგს შექმნის - ნიკა კოხოძე ბიზნესის ტრანსფორმაციაზე

ნიკა კოხოძე

2026 წლის პირველ კვარტალში "თეგეტა", ციფრული ტრანსფორმაციის ფარგლებში, პროდუქტების ერთიან კატალოგს შექმნისგამოუშვებს. ამის შესახებ "თეგეტა ჰოლდინგის" ციფრული ტრანსფორმაციის ხელმძღვანელმა ნიკა კოხოძემ "საქმიანი დილის" ეთერში, Axen-ის რუბრიკაში სტუმრობისას განაცხადა.

ნიკა კოხოძემ BMG-ის ეთერში კომპანიისთვის ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და იმ პროცესებზე ისაუბრა, რასაც კომპანია საბოლოო პროდუქტის გამოშვებამდე გადის.

"ჩემთვის პირადად, ტრანსფორმაცია, პირველ რიგში, ნიშნავს ბიზნესის წესების, ადამიანების კულტურის ცვლილებას და ახალი მიდგომების დანერგვას. არა მარტო ჩემთვის, მთლიანად "თეგეტასთვის" ციფრული ტრანსფორმაცია არის პროცესი, როდესაც ჩვენ გვიწევს ბიზნესმოდელების და პროცესების გადააზრება და შემდეგ უკვე, სადაც გვინდა, რომ მივიდეთ 3-დან 5 წლამდე ფაზაში - ამ მიზნების გარშემო ავარჩიოთ რომელი ტექნოლოგია, რომელი იარაღი და ინსტრუმენტი უფრო დაგვეხმარება, ამ მიზნებთან დაახლოებაში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ტექნოლოგიური პროდუქტი დღის შუქს ხედავდეს, ბიზნესში გამოდიოდეს და ამავდროულად ბიზნესს ემსახურებოდეს.

მაგალითად, დავიწყეთ უკვე აქტიური მუშაობა და 2026 წლის პირველ კვარტალში ე.წ. "როლაუთ" ფაზაში გადადის ერთიანი პროდუქტების კატალოგი. "თეგეტა მოტორსის" მულტიბრენდულ სერვისებში, განსაკუთრებით მსუბუქი ავტომობილის სერვისცენტრებში ჩვენს თანამშრომლებს საკმაოდ დიდი, რუტინული და მინი ბიუროკრატიული პროცესების გავლა უწევთ, რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც ავტომობილი მოდის, მისთვის საუკეთესო პროდუქტების და სერვისების შერჩევისთვის შეიძლება თანამშრომელს 10-15 "ტაბში" მუშაობაც კი დასჭირდეთ. შესაბამისად, ჩვენი სურვილი და საჭიროებაც იყო, რომ გაგვეჩინა მარტივი, ერთიანი პლატფორმა, სადაც ჩვენი თანამშრომელი პირდაპირ ნახავს, რა ავტომობილზე რა არის რეკომენდებული და გვაქვს თუ არა ეს ნაწილი ნაშთში. შესაბამისად, ტექნოლოგია შევქმენით იმისთვის, რომ ბიზნესპროცესი გაგვემარტივებინა", - განმარტავს ნიკა კოხოძე.

"თეგეტას" ციფრული ტრანსფორმაციების ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ თითოეული ასეთი ცვლილება ბიზნესის პასუხისმგებლობის გრძნობიდან მოდის, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროექტების ბოლომდე მიყვანაში.

"არც ტრანსფორმაცია არ დაიწყებოდა და არც, მათ შორის, ეს მიდგომა არ გაჩნდებოდა, რომ გასაკეთებელია პროექტები, თუ კონკრეტული პირები პასუხისმგებლობას არ აიღებდნენ. შესაბამისად, როდესაც ჩამოვაყალიბეთ 3-5 წლიანი ხედვა, ამავდროულად შეიქმნა პროექტების მართვის ოფისი, სადაც თითოეული მიმართულების ხელმძღვანელმა ხელმოწერით დავადასტურეთ, რომ ამ პროექტს ბოლომდე მივიყვანთ, ამ პროექტის პატრონები ჩვენ ვართ და ეს პროექტები ამა და ამ შედეგებზე გაგვიყვანს.

თუმცა არცერთ შემთხვევაში ეს არ უნდა აღვიქვათ, რომ ეს თავს მოხვეული პროცესია რომელიმე თანამშრომლისთვის. ამ პროცესში "ფრონტის" თანამშრომლები, "ბექის" თანამშრომლები, საწყობის თანამშრომლებიც ყველანი ჩავერთეთ , რომ ეს პროდუქტი ერთად გაგვეკეთებინა. ვიღებთ მათგან კომენტარებს, ინიციატივებს და ვნერგავთ იმ ტექნოლოგიას, რომელიც პირველ რიგში მათ გაუმარტივებთ ცხოვრებას, შეუქმნით უკეთეს პირობებს და რუტინული საქმეების შავტომატიზაციისკენ წაგვიყვანს", - განაცხადა ნიკა კოხოძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები