2026 წლის 9 თვეში საქართველოში რეკორდული მოცულობის - 158 მილიონი დოლარის ღირებულების მზის პანელები შემოვიდა. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 139 მილიონი დოლარით, ანუ 8.2-ჯერ მეტია.
მზის პანელების იმპორტის მკვეთრი ზრდა დაკავშირებულია ქვეყანაში რამდენიმე მსხვილმასშტაბიანი მზის ელექტროსადგურის მშენებლობის პროცესთან, მათ შორის უმსხვილესია მარნეულში, გერმანული კომპანია "ვოლტარეს ენერჯის" ინვესტიციით მშენებარე 73-მეგავატიანი მზის სადგური, რომელიც განვითარების აქტიურ ეტაპზეა.
ასევე განხორციელების ეტაპზეა მზის პანელების მწარმოებელი ჩინური კორპორაციის - Sungrow-ს ქართული შვილობილის, "იტეკ მარნეულის" 105-მეგავატიანი მზის ელექტროსადგურის პროექტიც, რომელიც სოფელ იაღლუჯაში შენდება.
გარდა ამისა ქვეყანაში შენდება სხვა მცირე ზომის მზის ელექტროსადგურები და გაზრდილია მოთხოვნა ფიზიკური პირების მხრიდან საკუთარ სახლებში მზის პანელების დამონტაჟების მიმართულებით.
























