მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2026 წლის ბიუჯეტის პროექტით განათლების დაფინანსება 470 მლნ ლარით მცირდება - მიზეზები

სკოლა

საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება მნიშვნელოვნად მცირდება. თუ 2025 წელს სამინისტროსთვის 3.08 მილიარდი ლარი იყო გამოყოფილი, 2026 წელს სამინისტროსთვის განსაზღვრული ასიგნებები 2.61 მილიარდ ლარამდეა შემცირებული, რაც თითქმის 470 მილიონი ლარის ვარდნას ნიშნავს.

მთავარი ცვლილებები

  • არაფინანსური აქტივების ზრდა (კაპიტალური ხარჯები):
    2025 წელს – 622.7 მლნ ლარი;
    2026 წელს – მხოლოდ 141.3 მლნ ლარი.
    ეს მუხლი მოიცავს ახალი სკოლების მშენებლობას, რეაბილიტაციას, ინფრასტრუქტურის განახლებასა და ტექნიკური ბაზის გაძლიერებას. სწორედ ამ მიმართულებით დაფინანსების მკვეთრმა შემცირებამ განაპირობა სამინისტროს საერთო ბიუჯეტის ვარდნა. სავარაუდოდ, ეს დაკავშირებულია უკვე მიმდინარე სარეაბილიტაციო/სამშენებლო პროექტების გაჭიანურებასთან.

  • ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება:
    2025 წელს – 1.57 მლრდ ლარი;
    2026 წელს – 1.63 მლრდ ლარი.
    ეს ერთ-ერთი მიმართულებაა, სადაც ზრდა ფიქსირდება. თანხა ძირითადად პედაგოგთა ხელფასების ზრდასა და მიმდინარე ფუნქციონირების დაფინანსებას მოხმარდება.

  • სამინისტროს ადმინისტრაციის შრომის ანაზღაურება:
    2025 წელს – 45.9 მლნ ლარი;
    2026 წელს – 49.8 მლნ ლარი.
    ეს ზრდა ასახავს სამინისტროს აპარატსა და მის დაქვემდებარებულ დაწესებულებებში სახელფასო პოლიტიკის კორექციას.

  • ახალგაზრდული პროგრამები:
    2025 წელს – 85.1 მლნ ლარი;
    2026 წელს – 84.8 მლნ ლარი.
    აქ მცირედი ვარდნაა, თუმცა ტენდენციურად დაფინანსება სტაბილურია.

  • უმაღლესი განათლება და მეცნიერება:
    დაფინანსება იზრდება - 2025 წელს დაახლოებით 167 მლნ ლარი იყო,
    ხოლო 2026 წლისთვის ეს მაჩვენებელი 171.3 მლნ ლარამდე იზრდება, რაც ძირითადად სტუდენტებისთვის განკუთვნილი გრანტების 136 მილიონ ლარამდე ზრდას უკავშირდება.

ახალგაზრდობის პროგრამების დაფინანსებისთვის კი მომდევნო წლის ბიუჯეტი 13.8 მილიონ ლარს ითვალისწინებს, ეს თანხა 2025 წლის ბიუჯეტთან შედარებით 5 მილიონი ლარით იზრდება.

განათლების სამინისტროს ბიუჯეტის პარამეტრები, შესაძლოა, შემდგომი მოსმენისთვის დაკორექტირდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები