მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2026 წლის ბოლომდე ტყე 2 600 ჰექტარზე აღდგება | როგორია 2031 წლამდე ტყის აღდგენის გეგმა?

ეროვნული სატყეო სააგენტო

საქართველოში 2026 წლის ბოლომდე ტყის აღდგენის ღონისძიებები 9 რეგიონში, ჯამში 2 600 ჰექტარამდე ფართობზე განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

გრძელვადიანი გეგმის მიხედვით, 2031 წლისთვის ტყის აღდგენის ღონისძიებები ქვეყანაში 51 000 ჰექტარამდე ფართობს მოიცავს.

სააგენტოს ცნობით, ტყის აღდგენის სამუშაოები ამ ეტაპზე, მათ შორის, ქვემო ქართლში, წალკა-თეთრიწყაროს სატყეო უბანზე მიმდინარეობს, სადაც ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიებები ჯამში 118 ჰექტარზე ხორციელდება.

სოფელ ახალშენის მიმდებარედ, 12 ჰექტარ ფართობზე, ტყის საფარი წარსულში ინტენსიური ჭრისა და საქონლის ძოვების შედეგად მნიშვნელოვნად იყო დეგრადირებული. ტერიტორიის აღდგენის მიზნით, კომპლექსური პროექტის ფარგლებში, აქ 24 250 კავკასიური ფიჭვის ნერგი დაირგო.

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის, ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, დეგრადირებული ტყეების აღდგენა სატყეო სექტორის რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. მისი თქმით, ტყის აღდგენის ღონისძიებების პარალელურად ქვეყანაში ტყის ინვენტარიზაციაც მიმდინარეობს.

„სატყეო სექტორის რეფორმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დეგრადირებული ტყეების აღდგენაა. შესაბამისად, ეროვნული სატყეო სააგენტო ყოველწლიურად ზრდის ტყის აღდგენის ღონისძიებების მასშტაბებს, რაც, მათ შორის, ბუნებრივი განახლების ხელშეწყობასაც გულისხმობს. მნიშვნელოვანია, რომ პარალელურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებიც. აღნიშნული ღონისძიებების ერთობლიობა ხელს უწყობს ქვეყნის ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას“, - განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები