2026 წლის მეორე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 184.1 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა და 145.2 მლნ აშშ დოლარი (388.8 მლნ ლარი), მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 1.4 პროცენტი შეადგინა - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა. სტატისტიკის თანახმად, ეს არის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მინიმალური მაჩვენებელი, რაც კი პირველი კვარტლისთვის რომელიმე წელს აღრიცხულა.
მიმდინარე ანგარიშის ბალანსი წარმოადგენს ქვეყანაში შემოსული და ქვეყნიდან გასული სავალუტო ნაკადების ამსახველ რიცხვს, რომელიც შემდეგ მშპ-სთან ფარდობით არის გამოსახული. შემომავალ სავალუტო ნაკადებს შორისაა ექსპორტი; ფულადი გზავნილები; შემომსვლელი ტურიზმი; პირდაპირი უცხოური ინვესტიციები; სერვისების და მომსახურების ექსპორტი, ასევე შემომავალი საკრედიტო ნაკადები. ხოლო გამსვლელ ნაკადებს შორის უმთავრესია იმპორტი; ასევე საგარეო ვალების მომსახურება; სერვისების და მომსახურების იმპორტი; გამსვლელი ტურისტული ნაკადები და საქართველოდან უცხოეთში გაგზავნილი ფულადი გზავნილები.
სები მიუთითებს, რომ 2026 წლის მეორე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის კლების მთავარი მიზეზი იმპორტის მიმართულებით დაფიქსირებული შედეგები იყო, რადგან იმპორტის ზრდა ექსპორტის ზრდას ჩამოუვარდებოდა.
"მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს - დადებითი.
2026 წლის მეორე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი, კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 4.7 პროცენტით შემცირდა და 1.6 მლრდ აშშ დოლარი (4.2 მლრდ ლარი) შეადგინა. საქონლის ექსპორტი წლიურად 20.2 პროცენტით, ხოლო იმპორტი 10.1 პროცენტით გაიზარდა.
მომსახურების პროფიციტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3.0 პროცენტით, 31.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 1.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. მომსახურების მთლიანი ექსპორტი 7.8 პროცენტით გაიზარდა და 2.1 მლრდ აშშ დოლარს (5.7 მლრდ ლარი) გაუტოლდა. აქედან, მოგზაურთა მომსახურების ექსპორტმა 2026 წლის მეორე კვარტალში 1.1 მლრდ აშშ დოლარი (3.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 3.8 პროცენტით ნაკლებია. მაღალ დონეზე ნარჩუნდება კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები, რომელიც 2026 მეორე კვარტალში 79.8 პროცენტით გაიზარდა, 400.2 მლნ აშშ დოლარი და მშპ-ს 3.8 პროცენტი შეადგინა. ასევე მნიშვნელოვანია ტრანსპორტირების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები, რომელმაც 2026 წლის მეორე კვარტალში 417.1 მლნ აშშ დოლარი, მშპ-ს 4.0 პროცენტი შეადგინა.
2026 წლის მეორე კვარტალში წმინდა შემოსავლის ანგარიში -659.8 მლნ აშშ დოლარი (-1.8 მლრდ ლარი) იყო. დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება 15.3 პროცენტით შემცირდა, ხოლო უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი 3.7 პროცენტით გაიზარდა.
მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 13.4 პროცენტით გაიზარდა და 2026 წლის მეორე კვარტალში 1.0 მლრდ აშშ დოლარს (2.7 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 12.7 პროცენტით გაიზარდა 965.3 მლნ აშშ დოლარამდე (2.6 მლრდ ლარი).
მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების ძირითად წყაროს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წარმოადგენს. წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, მეორე კვარტალში 364.3 მლნ აშშ დოლარი (975.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 3.5 პროცენტია,"- წერს ეროვნული ბანკი.























