საქართველოს ტრანსპორტირების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები შეუმცირდა.
ეროვნული ბანკის საგადასახდელო ბალანსის მონაცემებით, კლებაა როგორც პირველ, ისე მეორე კვარტალის შედეგებში. კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, მეორე კვარტალში ტრანსპორტირების ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 417.2 მლნ დოლარი შეადგინა, კლება წლიურად 5.3%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ შემოსავლები 23.7 მლნ -ით შემცირდა.
კლება იყო პირველ კვარტალშიც. 2026 წლის პირველ კვარტალში ტრანსპორტირების ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლებმა 333.4 მლნ დოლარი შეადგინა, 2025 წლის პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი 386.4 მლნ დოლარი იყო.
აღსანიშნავია, რომ ჯამში 2026 წლის პირველ ნახევარში ტრანსპორტირების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები 750.4 მლნ დოლარი იყო, რაც წლიურად $76,8 მილიონით ანუ 9%-ით ჩამორჩება 2025 წლის 6 თვის შედეგებს.
ტრანსპორტირების ექსპორტიდან შემოსავალი ასახავს იმ ფულად სახსრებს, რომლებსაც ქვეყანა იღებს უცხოელებისთვის სატრანსპორტო მომსახურებით, მათ შორის ტვირთების გადაზიდვის, ტრანზიტის, მგზავრთა გადაყვანის თუ სხვა სატრანსპორტო მომსახურებით.
აღსანიშნავია, რომ ტრანსპორტირების ექსპორტი საგადასახდელო ბალანსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. აღსანიშნავია, რომ 2026 წლის მეორე კვარტალში საგადასახდელო ბალანსში ჯამში დადებითი ტენდენციები იყო. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 184.1 მლნ აშშ დოლარით იყო გაუმჯობესდა და 145.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მათ შორის მომსახურების ნაწილში პროფიციტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3.0 პროცენტით, 31.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 1.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
მომსახურების მთლიანი ექსპორტი 7.8 პროცენტით გაიზარდა და 2.1 მლრდ აშშ დოლარს (5.7 მლრდ ლარი) გაუტოლდა. აქედან, მოგზაურთა მომსახურების ექსპორტმა 2026 წლის მეორე კვარტალში 1.1 მლრდ აშშ დოლარი (3.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 3.8 პროცენტით ნაკლებია. მაღალ დონეზე ნარჩუნდება კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები, რომელიც 2026 მეორე კვარტალში 79.8 პროცენტით გაიზარდა, 400.2 მლნ აშშ დოლარი და მშპ-ს 3.8 პროცენტი შეადგინა. ასევე მნიშვნელოვანია ტრანსპორტირების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები, რომელმაც 2026 წლის მეორე კვარტალში 417.1 მლნ აშშ დოლარი, მშპ-ს 4.0 პროცენტი შეადგინა.
























