მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ი აგრძელებს რეზერვების დაგროვების პოლიტიკას, რასაც ხელს უწყობს ძლიერი მაკროეკონომიკური მდგომარეობა - სოფრომაძე

თამთა სოფრომაძე

ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობა თითქმის გაორმაგდა და ისტორიულ მაქსიმუმს 8.14 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თამთა სოფრომაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რეკორდულია არა მხოლოდ რეზერვების ჯამური მოცულობა, არამედ ადეკვატურობის თითქმის ყველა ძირითადი საზომი.

"საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობა ისტორიულ მაქსიმუმზეა და 8.14 მილიარდ დოლარს შეადგენს. მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ რეზერვების მოცულობა, არამედ ადეკვატურობის თითქმის ყველა საზომიც ისტორიულ მაქსიმუმზეა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზომი, რასაც საკმაოდ დიდ ყურადღებას ვუთმობთ, არის ეგრეთ წოდებული არამეტრიკი, რომელიც 100%-იან ზღვარს აღემატება და ისტორიულ მაქსიმუმზეა - 128,3%-ს შეადგენს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სხვა ტრადიციული საზომებიც, როგორიცაა მაგალითად იმპორტის გადაფარვის კოეფიციენტი, საკმაოდ მაღალ მაჩვენებელზეა და 5-ს შეადგენს.

აქ მნიშვნელოვანია ისიც, რომ რეზერვების მოცულობა ბოლო ორი წლის განმავლობაში თითქმის გაორმაგდა. ეროვნული ბანკი კვლავ აგრძელებს რეზერვების დაგროვების პოლიტიკას, რასაც ხელს უწყობს, პირველ რიგში, ძლიერი მაკროეკონომიკური მდგომარეობა და ფუნდამენტური ფაქტორები. ამ მდგომარეობის ფონზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოება ისაა, რომ საზოგადოებისა და ეკონომიკური აგენტების მხრიდან ლარის მიმართ ნდობა საკმაოდ მზარდია. ასევე იზრდება დეპოზიტების ლარიზაციაც, რაც დამატებით უწყობს ხელს რეზერვების დაგროვების პოლიტიკას.

თუმცა ამ პოლიტიკასთან ერთად, მნიშვნელოვანია სარეზერვო აქტივების ეფექტიანი მართვაც. ამ მხრივ, ეროვნული ბანკი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რეზერვების დივერსიფიკაციას. მათ შორის, როგორც მოგეხსენებათ, დაახლოებით ორი წლის წინ ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სავალუტო რეზერვებს ოქრო დამატებოდა. ოქროს ფასი მთელი ამ დროის განმავლობაში იზრდებოდა, რამაც რეზერვების სახით დამატებითი შემოსავალი მოიტანა. დღეის მდგომარეობით, ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო რეზერვებში 14%-ს შეადგენს და ეროვნული ბანკი კვლავ გააგრძელებს დივერსიფიკაციის ამ პოლიტიკას", - აცხადებს სებ-ის წარმომადგენელი.

რაც შეეხება იუანს, სოფრომაძე ამბობს, რომ გააგრძელებენ დივერსიფიკაციის პოლიტიკას და გადანაწილდება როგორც სავალუტო ჭრილში სხვადასხვა აქტივში, ასევე შესაძლებელია, რომ ოქროს მიმართულებითაც გაგრძელდეს შესყიდვები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები