ამერიკული გამოცემა Forbes-ის მიხედვით, საერთო ჯამში, 2026 წლისთვის მსოფლიოს 10-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა სპორტსმენმა $1.4 მილიარდი გამოიმუშავა.
მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სიის სათავეში კი უკვე მეოთხე წელი ზედიზედ და საერთო ჯამში მეექვსედ, კრიშტიანუ რონალდუა. Forbes-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სიის პირველი ადგილის დაკავებიდან ათი წელი გავიდა და ამ პერიოდში პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა მადრიდის „რეალში”, „იუვენტუსში“, შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედში“ და ბოლოს საუდის არაბეთის „ალ-ნასრში“ ითამაშა. მიუხედავად ამ მრავალწლიანი მოგზაურობისა, 41 წლის ფეხბურთელი კვლავ სპორტული სამყაროს ფინანსური მეფეა.
ბოლო 12 თვეში მან დაახლოებით $300 მილიონი გამოიმუშავა. აქედან $235 მილიონი „ალ-ნასრთან“ კონტრაქტიდან მიიღო, ხოლო $65 მილიონი რეკლამებიდან, ლიცენზიებიდან, საჯარო გამოსვლებიდან, და სხვა ბიზნესსაქმიანობიდან.
რონალდუ, რომელიც კარიერაში უკვე 1000 გოლთან ახლოსაა, ამ მაჩვენებლით მაიკლ ჯორდანს გაუთანაბრდა - ორივემ ექვსჯერ დაიკავა ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენის ტიტული. მათზე მეტი მხოლოდ ტაიგერ ვუდსს აქვს, რომელიც სიის სათავეში 11-ჯერ მოექცა.
2025 წელთან შედარებით, როდესაც რონალდუმ ფეხბურთელებს შორის ახალი რეკორდი დაამყარა, მისი შემოსავალი კიდევ $25 მილიონით გაიზარდა.
ამასთან ერთად, საკუთარი სპორტში ფინანსური რეკორდი კიდევ ორმა სპორტსმენმა დაამყარა.
ფორმულა 1-ის ვარსკვლავმა ლუის ჰამილტონმა $100 მილიონი გამოიმუშავა, რითაც საკუთარ 2021 წლის რეკორდს გადააჭარბა. MLB-ის ვარსკვლავმა შოჰეი ოტანიმ კი $127.6 მილიონი მიიღო და ბეისბოლის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდა.
ამ სიაში ასევე არიან კანელო ალვარესი $170 მილიონით, ლიონელ მესი $140 მილიონით და ლებრონ ჯეიმსი $137.8 მილიონით.
ყველაზე დიდი არასპორტული შემოსავალი შოჰეი ოტანის აქვს $125 მილიონი. Forbes-ის ისტორიაში, მოქმედ სპორტსმენებს შორის მას მხოლოდ კონორ მაკგრეგორი უსწრებს, რომელმაც 2021 წელს Proper No. Twelve ვისკის გაყიდვის შემდეგ $158 მილიონი მიიღო.
მსოფლიოს 5 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი - 2026
- კრიშტიანუ რონალდუ - $300 მილიონი
სპორტი: ფეხბურთი | ასაკი: 41 | ქვეყანა: პორტუგალია
მოედანზე: 235 მილიონი | მოედნის გარეთ: 65 მილიონი - კანელო ალვარესი - $170 მილიონი
სპორტი: კრივი | ასაკი: 35 | ქვეყანა: მექსიკა
მოედანზე: 160 მილიონი | მოედნის გარეთ: 10 მილიონი - ლიონელ მესი - $140 მილიონი
სპორტი: ფეხბურთი | ასაკი: 38 | ქვეყანა: არგენტინა
მოედანზე: 70 მილიონი | მოედნის გარეთ: 70 მილიონი - ლებრონ ჯეიმსი - $137.8 მილიონი
სპორტი: კალათბურთი | ასაკი: 41 | ქვეყანა: აშშ
მოედანზე: 52.8 მილიონი | მოედნის გარეთ: 85 მილიონი - შოჰეი ოტანი - $127.6 მილიონი
სპორტი: ბეისბოლი | ასაკი: 31 | ქვეყანა: იაპონია
მოედანზე: 2.6 მილიონი | მოედნის გარეთ: 125 მილიონი




























