მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2026 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 3.8%-მდე შემცირდა - ეროვნული ბანკი

დოლარი

2026 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 348.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. დეფიციტის მშპ-სთან ფარდობა წლიურ ჭრილში 4.1 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა და 3.8 პროცენტი შეადგინა - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა. სტატისტიკის თანახმად, ეს არის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მინიმალური მაჩვენებელი, რაც კი პირველი კვარტლისთვის რომელიმე წელს აღრიცხულა.

მიმდინარე ანგარიშის ბალანსი წარმოადგენს ქვეყანაში შემოსული და ქვეყნიდან გასული სავალუტო ნაკადების ამსახველ რიცხვს, რომელიც შემდეგ მშპ-სთან ფარდობით არის გამოსახული. შემომავალ სავალუტო ნაკადებს შორისაა ექსპორტი; ფულადი გზავნილები; შემომსვლელი ტურიზმი; პირდაპირი უცხოური ინვესტიციები; სერვისების და მომსახურების ექსპორტი, ასევე შემომავალი საკრედიტო ნაკადები. ხოლო გამსვლელ ნაკადებს შორის უმთავრესია იმპორტი; ასევე საგარეო ვალების მომსახურება; სერვისების და მომსახურების იმპორტი; გამსვლელი ტურისტული ნაკადები და საქართველოდან უცხოეთში გაგზავნილი ფულადი გზავნილები.

სები მიუთითებს, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის კლების მთავარი მიზეზი იმპორტის მიმართულებით დაფიქსირებული შედეგები იყო, რადგან იმპორტის ზრდა ექსპორტის ზრდას ჩამოუვარდებოდა.

"ეკონომიკის ნაკლებად იმპორტ-ინტენსიური ზრდის ტენდენციის შენარჩუნების ფონზე, მიმდინარე ანგარიშის მშპ-სთან ფარდობის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილი საქონლით ვაჭრობის ბალანსმა შეიტანა. კერძოდ, საქონლის ექსპორტი წლიურად 23.8 პროცენტით გაიზარდა, რაც ძირითადად ადგილობრივი საექსპორტო პროდუქციის ექსპორტის გაუმჯობესებით იყო განპირობებული. ამასთან, საქონლის იმპორტი 11.4 პროცენტით გაიზარდა. შედეგად, საქონლით ვაჭრობის ბალანსის გაუმჯობესების ფონზე, სავაჭრო დეფიციტის მშპ-სთან ფარდობა წლიურ ჭრილში 3.4 პპ-ით გაუმჯობესდა და 18.5 პროცენტი შეადგინა.

ამავდროულად, მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს კომპიუტერული და საინფორმაციო (ICT) მომსახურების ექსპორტი, რომელიც წლიურად 65.7 პროცენტით გაიზარდა და მშპ-ის 4.8 პროცენტი შეადგინა, რაც ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს. მიმდინარე ანგარიშის მშპ-სთან ფარდობის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი როლი ასევე ითამაშა შემოსავლების ანგარიშის გაუმჯობესებამ.

მეორე მხრივ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდის წლიური ტემპი შენელდა და პირველ კვარტალში 0.5 პროცენტი შეადგინა. თუმცა, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდის შენელება მნიშვნელოვნად დაბალანსდა როგორც ICT მომსახურებების ექსპორტის, ისე საქონლის ექსპორტის ზრდით.

მიმდინარე ანგარიშის დაფინანსების ერთ-ერთ ძირითად წყაროდ კვლავ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რჩება, რომლის მოცულობამ 2026 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით მშპ-ის 3 პროცენტი შეადგინა,"- წერს ეროვნული ბანკი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები