მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა შემცირდა

რკინიგზა

2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რკინიგზით 3.0 მილიონი ტონა ტვირთი გადაიტანეს, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.03%-ით ნაკლებია. მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

საქსტატის ინფორმაციით, გადაზიდული ტვირთის 56.7% ტრანზიტზე მოდიოდა, 34.7% - საერთაშორისო გადაზიდვებზე (ტრანზიტის გარეშე), ხოლო 8.6% - ადგილობრივ გადაზიდვებზე.

საერთაშორისო გადაზიდვების ფარგლებში, რკინიგზით გადატანილი ტვირთის 75% საქართველოში შემოტანილ ტვირთზე მოდიოდა, ხოლო 25% - ქვეყნიდან გატანილზე.

ანგარიშის მიხედვით, 2026 წლის პირველ კვარტალში რკინიგზით შემოტანილი ტვირთის 40.6%-ის გამომგზავნი ქვეყანა რუსეთის ფედერაცია იყო, 20.8%-ის - აზერბაიჯანი, ხოლო დანარჩენი ქვეყნების წილი ჯამურად 38.7%-ს შეადგენდა. ექსპორტის მიმართულებით, ყველაზე დიდი წილი ყაზახეთზე (9.8%), სომხეთზე (8.9%) და რუსეთის ფედერაციაზე (8.6%) მოდიოდა.

ტრანზიტული ტვირთების დანიშნულების ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე ჩინეთი იყო 7.6%-ით, შემდეგ მოდიოდნენ თურქეთი - 7.5%, ნიდერლანდები - 4.4%, უკრაინა - 2.8%, იტალია - 1.4% და რუმინეთი - 1.0%. ამავე პერიოდში, ტრანზიტული ტვირთის 5.3%-ის გამომგზავნი ქვეყანა ბრაზილია იყო, 3%-ის - თურქეთი.

საქსტატის მონაცემებით, გადაზიდული ტვირთის ყველაზე დიდი ნაწილი 33.4% ნავთობპროდუქტებზე მოდიოდა. კიდევ 23.9% ქიმიკატების, ქიმიური პროდუქტებისა და ხელოვნური ბოჭკოების ჯგუფს ეკავა, ხოლო 12.3% ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებს.

რაც შეეხება მგზავრთა რაოდენობას, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რკინიგზამ 301.8 ათასი მგზავრი გადაიყვანა, რაც წლიურად 13.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები