უცხო ქვეყნებში მცხოვრებთა გაერთიანება InterNations-მა ექსპატებისთვის საცხოვრებლად 2026 წლის საუკეთესო ქვეყნები გამოავლინა. კერძოდ, Expat Insider-ის კვლევამ 31 ქვეყანა შეაფასა ცხოვრების ხარისხის, ხარჯების, ახალ გარემოში დამკვიდრების სიმარტივის, მუშაობის შესაძლებლობების და საცხოვრებლისა და ციფრული სერვისების მიხედვით.
წლევანდელ რეიტინგზე ყველაზე დიდი გავლენა კეთილგანწყობისა და ცხოვრების ხელმისაწვდომობის მაჩვენებლებმა იქონია. რეიტინგის ტოპ-10-ში მოხვედრილი შვიდი ქვეყანა ახალჩამოსული უცხოელებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მარტივად დასამკვიდრებელ ადგილად დასახელდა.
პირველი ადგილი პანამამ დაიკავა. საუკეთესო 10-ეული კი შემდეგია:
1. პანამა
პანამამ მსოფლიოში საუკეთესო ქვეყნების რეიტინგში პირველი ადგილი ზედიზედ მესამედ დაიკავა. პანამაში მცხოვრები უცხოელების 87% ამბობს, რომ ცხოვრებით კმაყოფილია, მაშინ როცა გლობალური მაჩვენებელი 70%-ია. ქვეყნის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა საცხოვრებლის ხელმისაწვდომობაა - უცხოელთა 90% აცხადებს, რომ პანამაში საცხოვრებლის პოვნა მარტივია.
2. მექსიკა
მექსიკამ ახალ გარემოში დამკვიდრების სიმარტივის ინდექსში პირველი ადგილი დაიკავა და საერთო რეიტინგში მეორე პოზიციაზე გავიდა. ის მსოფლიოში კვლავ ყველაზე მარტივ ქვეყნად ითვლება უცხოელებისთვის, რომ თავი ახალ გარემოში შინაურულად იგრძნონ. მექსიკაში მცხოვრები უცხოელების 73% ამბობს, რომ ადგილობრივი მეგობრების შეძენა მარტივია, მაშინ როცა გლობალური მაჩვენებელი მხოლოდ 39%-ია.
3. ტაილანდი
ტაილანდმა საერთო რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა და მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი უცხოელების მქონე ქვეყნად დასახელდა. ქვეყანაში მცხოვრები უცხოელების 86% აცხადებს, რომ აქ ცხოვრებით კმაყოფილია. ტაილანდმა ასევე კვლევაში ცხოვრების ხარჯების მიხედვით ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო. უცხოელების 85% დადებითად აფასებს ქვეყანაში ცხოვრების ხარჯებს, რაც გლობალურ საშუალო მაჩვენებელზე ორჯერ მეტია.
4. არაბთა გაერთიანებული საამიროები
არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა საუკეთესო შედეგები კარიერული შესაძლებლობებისა და უცხოელებისთვის აუცილებელი სერვისების მიმართულებით აჩვენა. ამ უკანასკნელში შედის ისეთი საკითხები, როგორიცაა ვიზები და ენა. კვლევის მიხედვით, ეს ფაქტორები უცხოელებისთვის ქვეყანაში დამკვიდრებასა და კარიერის განვითარებას ამარტივებს. ცნობისთვის, InterNations-მა კვლევა 2026 წლის თებერვალსა და მარტში ჩაატარა, როგორც აშშ-სა და ირანს შორის კონფლიქტის დაწყებამდე, ისე მის შემდეგ. შესაბამისად, რეიტინგი კონფლიქტის გავლენას მხოლოდ ნაწილობრივ ასახავს.
5. ბრაზილია
ბრაზილიამ წელს პირველად დაიკავა ადგილი მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში. ქვეყანა განსაკუთრებით მაღალი შეფასებებით გამოირჩეოდა ცხოვრებით კმაყოფილების, ახალ გარემოში დამკვიდრების სიმარტივის, ადგილობრივი მოსახლეობის კეთილგანწყობისა და კულტურის მიმართულებით. ბევრი უცხოელი აღნიშნავს, რომ სწორედ ბრაზილიელების სითბო და სტუმართმოყვარეობა ეხმარებათ მათ ქვეყანაში თავი შინაურულად იგრძნონ.
დანარჩენი ხუთეული კი შემდეგია:
6. ესპანეთი
7. სინგაპური
8. პორტუგალია
9. მალაიზია
10. ლუქსემბურგი




























