მაქსიმუმ 2 წელიწადში, უკლებლივ ყველა სასკოლო სახელმძღვანელო ახალი, ადაპტირებული, ან თავიდან დაწერილი იქნება - ამის შესახებ განათლების მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გიორგი ამილახვარმა თქვა, რომ სახელმძღვანელოები განათლების ეროვნული მიზნების შესაბამისად, ეროვნული სულისკვეთებით შეიქმნება.
"ახლა, როცა გეგმა მიღებულია, უფრო მნიშვნელოვანია მისი რეალურ ცხოვრებაში დანერგვა. ეს, წინასწარ გააზრებული იყო და ახლა არ ვიწყებთ გააზრებას. წლის ბოლომდე დავასრულებთ, უკვე ფინიშისკენ მიდის სასკოლო სტანდარტების გადამუშავება. ამას მყისიერად მოჰყვება სახელმძღვანელოების საკითხი.
შემიძლია, საზოგადოებას დავპირდე, რომ არაუგვიანეს 2026 წლის სასწავლო წლის დაწყებისა, ვეცდებით უფრო ადრეც, ყველა სახელმძღვანელო იყოს განახლებული, თავიდან დაწერილი, ან ადაპტირებული იმ ეროვნულ მიზნებთან, რაც გეგმაში გვიწერია. მაქსიმუმ 2 წელში, ყველა კლასის, ყველა საგნის სახელმძღვანელო მერხებზე იქნება ახალი. ეს შემიძლია თამამად ვთქვა, იმიტომ რომ ამის გააზრებული ხედვა გვაქვს დროშიც და სივრცეშიც", - განაცხადა მინისტრმა სოზარ სუბარის კითხვის პასუხად.
სუბარმა მინისტრს ჰკითხა, როდის აისახება განათლების ეროვნული მიზნები სახელმძღვანელოებში.