განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი განიხილეს, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ნოდარ პაპუკაშვილმა წარადგინა.
მისი თქმით, აღნიშნული დოკუმენტი არის ეროვნული სასწავლო გეგმისა და ზოგადი განათლების სისტემის ძირითადი მაჩვენებლების შემუშავების საფუძველი.
როგორც მომხსენებელმა განმარტა, საქართველოს ზოგადი განათლების სისტემა უზრუნველყოფს პიროვნული, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი, პატრიოტული, ზოგადსაკაცობრიო, ზნეობრივი და მორალური ღირებულებების მქონე, ღირსეული ცხოვრებისთვის მომზადებული კონკურენტუნარიანი, თავისუფალი მოქალაქის აღზრდას, რომელსაც გაცნობიერებული ექნება ადამიანის ძირითადი უფლებებისა და ვალდებულებების პატივისცემა დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს მშენებლობის არსი, მუდმივად ცვალებად გარემოში საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, კულტურულ და ეკონომიკურ ცხოვრებაში სათანადო ჩართულობის მნიშვნელობა, მდგრადი განვითარების, მშვიდობიანი საზოგადოების მშენებლობის ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად მოქმედება.
„2004 წელს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული იქნა აღნიშნულ დოკუმენტი, რომელზეც პარლამენტს არასოდეს უმსჯელია. ეს არის პირველი პრეცედენტი იმისა, რომ დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოში იხილება. 20 წლის შემდეგ დადგა ამ დოკუმენტის განახლების, ხელახლა გააზრების და ახალ გამოწვევებთან შესაბამისად, მისი სახეცვლილების საკითხი. დოკუმენტი განსაზღვრავს ქართულ სახელმწიფოსა და საზოგადოების დაკვეთას ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მიმართ“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, დოკუმენტი სამინისტროს მიერ ფართო მსჯელობის შედეგად მომზადდა და ფაქტობრივად, ეს არის სასკოლო განათლების კონსტიტუცია.
„ამ დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ, გზა გაეხსნება ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმას, რასაც მოჰყვება სასკოლო დარგობრივი სტანდარტების დამტკიცება. დაიწყება სასკოლო სახელმძღვანელოების განხილვები და შეფასებები, სახელმძღვანელოების შერჩევის პროცესი. გეგმის დამტკიცება გვერდს ვერ აუვლის მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას, მათ მომზადებას და უწყვეტი პროფესიული განვითარების უზრუნველყოფას. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ბოლო ეტაპი - სკოლების მიერ სასწავლო გეგმების დამტკიცება, რომელსაც, ყოველი სკოლა ინდივიდუალურად თავისი ავტონომიის ფარგლებში დაამტკიცებს“, - განაცხადა ნოდარ პაპუკაშვილმა.
მისი თქმით, დოკუმენტი მოიცავს 10 მიზანს, რომელიც მიმართულია უპირველეს ყოვლისა სისტემის და მისი უმთავრესი ღირებულების - მოსწავლის განვითარებაზე.