პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვერსია განიხილა. ბიუჯეტის პროექტი სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
მისი ინფორმაციით, 2027 წელს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება 225 მილიონი ლარით გაიზარდა და 2 მილიარდ 928 მილიონ ლარს შეადგენს.
როგორ გადანაწილდება განათლების სამინისტროს ბიუჯეტი?
-
სკოლამდელი და ზოგადი განათლება: 2 მილიარდ 83 მილიონი ლარი;
- პროფესიული განათლება: 248 მილიონი ლარი;
- უმაღლესი განათლება: 248 მილიონი ლარი;
- ინკლუზიური განათლება: 127 მილიონი ლარი;
- მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა: 95 მილიონი ლარი;
- ახალგაზრდობის მხარდაჭერა: 22.5 მილიონი ლარი.
გიორგი კაკაურიძის თქმით, მთლიანად ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში განათლების ხარჯები 400 მილიონი ლარით არის გაზრდილი, რაც ითვალისწინებს საჯარო სკოლების მასწავლებლების, ადმინისტრაციული პერსონალისა და საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების მატებას.
გარდა ამისა, უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში გათვალისწინებულია სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლების დაფინანსება. ნაერთი ბიუჯეტიდან განათლების მიმართულებით კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად 800 მილიონი ლარი გამოიყოფა.
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ 2027 წლის ძირითადი ფისკალური მაჩვენებლებიც მიმოიხილა:
- ეკონომიკური ზრდა: 2027 წლისთვის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-ს შეადგენს. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 8.9%-ით გაიზრდება და 126 მილიარდ ლარს გადააჭარბებს.
- ინფლაცია: 2027 წელს ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივ 3%-იან ნიშნულს დაუბრუნდება.
- ბიუჯეტის დეფიციტი და ვალი: ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 2.5%-ის დონეზეა დაგეგმილი, ხოლო მთავრობის ვალი მშპ-ის 31.6% იქნება.
- შემოსულობები და ხარჯები: ნაერთი ბიუჯეტის ჯამური შემოსულობები 37 მილიარდ 531 მილიონი ლარია (საიდანაც საგადასახადო შემოსავლები 29 მლრდ 520 მლნ ლარია). ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი კი 37 მილიარდ 562 მილიონი ლარით განისაზღვრა.
- კაპიტალური ხარჯები: ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურულ და კაპიტალურ პროექტებზე 8 მილიარდ 431 მილიონ ლარზე მეტი მიიმართება.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია თავისი მასშტაბით უპრეცედენტოა.
ბიუჯეტის პროექტის განხილვა პარლამენტის სხვა კომიტეტებშიც გაგრძელდება.
























