მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2026 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტი გაიზარდა, თუმცა 2025-ის ბიუჯეტზე მაინც ₾160 მილიონით ნაკლებია

საკრებულო

თბილისის მერიამ საკრებულოს 2026 წლის ბიუჯეტის განახლებული პროექტი წარუდგინა, რომელიც პირვანდელ პროექტთან შედარებით მერიის ხარჯებს 111 მილიონი ლარით, 2.19 მილიარდ ლარამდე ზრდის. ამის მიუხედავად, ბიუჯეტის ეს თანხა ნაკლებია 2025 წლის მერიის ბიუჯეტზე, რაც წელს 2.35 მილიარდ ლარს შეადგენს.

მომდევნო წელს ბიუჯეტის შემცირება ძირითადად სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული მიმართულებით დაგეგმილი ხარჯების კლებას უკავშირდება.

2026 წლის განმავლობაში კონკრეტული მიმართულებების მიხედვით, მერიის ასიგნებები ასე უნდა განაწილდეს:

  • სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აღდგენა/განვითარება - 696 მილიონი ლარი, კლება 2025 წელთან 64 მილიონი ლარი;
  • ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება/ჩანაცვლება - 306 მილიონი ლარი, კლება 2025 წელთან 67 მილიონი ლარი;
  • დასუფთავება და გამწვანება, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება - 315 მილიონი ლარი, ზრდა 2025 წელთან 19 მილიონი ლარი;
  • ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება - 62.5 მილიონი ლარი, ზრდა 2025 წელთან 4.5 მილიონი ლარი;
  • ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 185 მილიონი ლარი, კლება 2025 წელთან 1 მილიონი ლარი;
  • სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობა - 252 მილიონი ლარი, კლება 2025 წელთან 5 მილიონი ლარი;
  • კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა - 50.5 მილიონი ლარი, კლება 2025 წელთან 16 მილიონი ლარი;
  • საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება - 13.2 მილიონი ლარი, კლება 2025 წელთან 5 მილიონი ლარი;
  • ქ.თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები - 258 მილიონი ლარი, ზრდა 2025 წელთან 25 მილიონი ლარი.
  • ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა - 3 მილიონი ლარი, კლება 2025 წელთან 0.2 მლნ ლარი.

რაც შეეხება მერიის შემოსავლების წყაროებს, თითქმის უცვლელია საგადასახადო გეგმა და 1.02 მილიარდ ლარს შეადგენს. აქედან 672 მილიონი ლარი დამატებული ღირებულების გადასახადია, 350 მილიონი ლარი კი კომპანიების და ფიზიკური პირების ქონების გადასახადი.

გაზრდილია მერიის მიერ ცენტრალური ბიუჯეტიდან მისაღები გრანტების ოდენობა და ის 660 მილიონი ლარით განისაზღვრება (მატება წინა წარდგენის პროექტთან 59 მილიონი ლარი. ასევე გაზრდილია სხვა შემოსავლები და ის 440 მილიონი ლარი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები