მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2026 წლის ბოლოს ყველა საჯარო სკოლა ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება - მთავრობის დაპირება

631f42a19b154
თამთა ჯიჯავაძე
13.09.22 09:00
971
2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება - ასეთია საქართველოს მთავრობის დაპირება.

როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, ამ მიმართულებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის,  ინიციატივით 1 მილიარდი ლარის ღირებულების მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება, რომელიც 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს.

უწყების ცნობით, პროექტის პირველი ეტაპი მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში დაიწყება და ტენდერი 80 ახალი სკოლის მშენებლობასა და 320 სკოლის რეაბილიტაციაზე გამოცხადდება. დარჩენილი 400 სკოლის რეაბილიტაციის ტენდერი კი 2023-2024 წლებში გამოცხადდება და 2026 წლის ბოლოსთვის, ჯამში, 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება.

„აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაციისა და ახალი სკოლების მშენებლობის დროს გათვალისწინებულია მათი აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. კერძოდ, მოეწყობა თანამედროვე ლაბორატორიები, გაიმართება სპორტული ინფრასტრუქტურა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიმართულებით. ყველა სკოლა მთლიანად ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის“, - აცხადებენ განათლების სამინისტროში.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს მთავრობამ 163 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი წამოიწყო. თუმცა, მათგან დღეის მდგომარეობით, შესაბამისი სამუშაოები 106 სკოლაშია დასრულებული. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით ტაბიძის განცხადებით, მათი მიმდინარე პროექტებიდან, სამუშაოები დადგენილ ვადაში 13 სკოლაში ვერ დასრულდა.

პროექტის ფარგლებში მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილია დამატებით 39 სკოლის დასრულება. დარჩენილი 11 პროექტის დასრულება ხელშეკრულებით 2023 წელს არის გათვალისწინებული, ხოლო რაც შეეხება დარჩენილ შვიდ სკოლას, შემსრულებელი კონტრაქტორი კომპანიებიდან 5-ს საჯარიმო სანქციები დაუწესდა, ორს კი ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო კონტრაქტი გაუწყდა.

აღსანიშნავია, რომ განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის 2022-2030 წლების სამოქმედო გეგმაშიც წერია, რომ სკოლების ერთ-ერთი გამოწვევა გაუმართავი ინფრასტრუქტურაა. ამის საპასუხოდ, დოკუმენტის მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შემთხვევაში, საწყის ეტაპზე შეირჩევა სკოლები, რომლებსაც განსაკუთრებით ესაჭიროებათ ფიზიკურ გარემოსა და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა და მუნიციპალიტეტებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და თემებთან თანამშრომლობის გზით განათლების მიწოდების ხარისხის გაუმჯობესების ეფექტიან გზებს იპოვიან. „არსებული საჭიროებების გათვალისწინებით საკითხების გადაწყვეტის ერთ-ერთი საშუალება შეიძლება იყოს სხვადასხვა საფეხურის საგანმანათლებლო დაწესებულებების გაერთიანება ერთ სივრცეში“, - აღნიშნულია განათლების სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები