მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2027 წლიდან აიკრძალება პლასტმასის ჭურჭელში მოთავსებული პროდუქციის წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია, იქნება გამონაკლისები - კობახიძე

კობახიძე სონღულაშვილი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 2027 წლის 1 თებერვლიდან უნდა აიკრძალოს პლასტმასის ჭურჭელში განთავსებული საკვები პროდუქციის, მათ შორის სასმელების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია. კობახიძის განცხადებით, ცვლილება აუცილებელია, რათა, ერთი მხრივ, გარემოს დაცვის, მეორე მხრივ კი ადამიანის ჯანმრთელობაზე მიკროპლასტიკის გავლენა შემცირდეს.

"ჩვენი მიზანია პლასტიკის პროდუქციის გამოყენების ეტაპობრივი შეზღუდვა, რომელიც სურსათთან არის შეხებაში. არსებობს კვლევები, რომლებიც მიუთითებს რომ პლასტმასის გამოყენების გაზრდილი მასშტაბები გავლენას ახდენს ერთი მხრივ გარემოზე, მეორე მხრივ ადამიანის ჯანმრთელობაზე და კვლევების თანახმად, კონკრეტულად პლასტმასის პროდუქტებმა შეიძლება გამოიწვიოს ონკოლოგიური პრობლემები, რეპროდუქტიული პრობლემები, ნერვული პრობლემები, ჰორმონული დარღვევები და სხვა სამედიცინო დაავადებები. სამინისტრომ შეიმუშავა პლასტმასის მოხმარების მოდელი, რომელიც ერთი მხრივ აბალანსებს ჯანმრთელობის და გარემოს დაცვის, მეორე მხრივ, ეკონომიკურ ინტერესებს და უზრუნველყოფს რეგულაციების გონივრულ ვადებში ამოქმედებას.

პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია, და გარკვეული სახის პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭლის წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია უკვე აიკრძალა, ასევე მომზადებულია მთავრობის დადგენილების პროექტი, რომლის მიხედვითაც კვების ობიექტებისთვის იკრძალება პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის მიწოდება, 2027 წლის პირველი თებერვლიდან კი იკრძალება პლასტმასში განთავსებული სურსათის წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია, რაც არ შეეხება გარკვეული კატეგორიის პროდუქტებს. ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ უკეთ ვიზრუნოთ გარემოზე და რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, BMG-იმ პლასტმასის ჭურჭელში სასმელების და საკვების რეალიზაციის მოსალოდნელი აკრძალვის შესახებ ინფორმაცია 11 თებერვალს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები