მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2027 წლიდან "ფორმულა 1" პორტუგალიაში დაბრუნდება

პორტუგალია ფორმულა 1

Formula 1-მა დღეს ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2027 და 2028 წლებში პორტუგალიაში დაბრუნდება. შეთანხმება ორწლიანია და გაფორმებულია პორტუგალიის მთავრობასთან, Turismo de Portugal-თან და პრომოუტერ Parkalgar, Parques Tecnológicos e Desportivos, S.A.-თან.

Autódromo Internacional do Algarve-მ, რომელიც უფრო ცნობილია სახელწოდებით პორტიმაუ, ბოლოს Formula 1-ის რბოლებს 2020 და 2021 წლებში უმასპინძლა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პანდემიის პერიოდში სპორტის დაბრუნებაში.

პორტუგალიის სამხრეთ რეგიონში, ალგარვეში მდებარე ტრასა ცნობილია თავისი ულამაზესი პლაჟებითა და ისტორიული მნიშვნელობით. 4.6 კილომეტრიანი ავტოდრომი მძღოლებს ტექნიკურად რთულ გამოწვევას სთავაზობს — დრამატული სიმაღლის ცვლილებებით, რომლებიც ბოლო მარჯვენა მოსახვევში დაშვებით სრულდება.

პორტუგალიას Formula 1-ში მდიდარი ისტორია აქვს: ქვეყნის პირველი გრან-პრი პორტოში 1958 წელს ჩატარდა, ხოლო სხვადასხვა წლებში რბოლები გაიმართა მონსანტოსა და ესტორილში, სპორტის 75-წლიანი ისტორიის განმავლობაში. პორტუგალიაში პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ასულან Formula 1-ის ლეგენდები სტირლინგ მოსი, ალენ პროსტი, აირტონ სენა და ნაიჯელ მენსელი. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ აირტონ სენამ თავისი პირველი Formula 1-ის გამარჯვება სწორედ ესტორილში, 1985 წელს მოიპოვა.

უფრო ახლო წარსულში, პორტიმაუ გახდა ტრასა, სადაც ლუის ჰამილტონმა 2021 წელს მაიკლ შუმახერის ყველა დროის გამარჯვებების რეკორდი მოხსნა და თავისი 92-ე გამარჯვება იზეიმა. ჰამილტონი დღემდე ერთადერთი მოქმედი პილოტია, რომელსაც ამ ტრასაზე გამარჯვება აქვს მოპოვებული. მან გამარჯვება 2020 წელსაც იზეიმა.

Formula 1-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა სტეფანო დომენიკალიმ განაცხადა:

„მოხარული ვარ, რომ პორტიმაუ Formula 1-ის კალენდარს უბრუნდება და სპორტი კვლავ გააღვივებს ჩვენი საოცარი პორტუგალიელი გულშემატკივრების ვნებას. ეს ტრასა პირველივე მოსახვევიდან დამასრულებელ დროშამდე დაუვიწყარ სანახაობას სთავაზობს მაყურებელს და მისი ენერგია გულშემატკივრებს ადგილიდან წამოხტომას აიძულებს. Formula 1-ის გრან-პრის მასპინძლობის მიმართ ინტერესი და მოთხოვნა დღეს ყველაზე მაღალია, რაც კი ოდესმე ყოფილა. ამიტომ მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ ლუიშ მონტენეგროს, პორტუგალიის ეკონომიკისა და ტერიტორიული კოეზიის მინისტრ მანუელ კასტრო ალმეიდას, ტურიზმის, ვაჭრობისა და მომსახურების სახელმწიფო მდივან პედრო მაჩადოს, პორტუგალიის ტურიზმის პრეზიდენტ კარლუშ აბადეს, ალგარვეს ტურისტული საბჭოს პრეზიდენტ ანდრე გომეშს და ალგარვეს საერთაშორისო ავტოდრომის თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორ ჯაიმე კოსტას, Formula 1-ის პორტუგალიაში დაბრუნების მხარდაჭერისთვის“ - ნათქვამია სტეფანო დომენიკალის განცხადებაში.

პორტიმაოს 4.65-კილომეტრიანი და 66-წრიანი ტრასა, რომელიც აღმართ-დაღმართებით გამოირჩევა, ფორმულა 1-ის კალენდარში ნიდერლანდების გრან პრის ჩაანაცვლებს, რომელსაც, თავის მხრივ, ზანდვორტში 2026 წელს ბოლოჯერ ვიხილავთ. გამომდინარე იქიდან, რომ ზაფხულში ალგარვეში ძალიან ცხელა, რბოლას სავარაუდოდ გვიან გაზაფხულსა ან შემოდგომაზე უნდა ველოდოთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები