მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პორტუგალია რუსეთისა და ვიეტნამის საგადასახადო "შავ სიაში" შეყვანისთვის ემზადება

პორტუგალია რუსეთი

პორტუგალიის მთავრობამ საგადასახადო სფეროში არაკოოპერაციული იურისდიქციების ეროვნული შავი სიის გადახედვის ინიციატივა წარადგინა. თუ წინადადებას ქვეყნის პარლამენტი დაამტკიცებს, რუსეთი და ვიეტნამი, რომლებიც ამჟამად ამ სიაში არ შედიან, შესაძლოა მას დაემატონ.

რუსეთის საგადასახადო "შავ სიაში" შეყვანას მთელი რიგი შედეგები ექნება პორტუგალიის იმ მოქალაქეებისა და კომპანიებისთვის, რომლებიც ან რუსულ თუ ვიეტნამურ აქტივებსა და ანგარიშებს ფლობენ, ან ამ ქვეყნებთან ფინანსურ ტრანზაქციებს ახორციელებენ.

კერძოდ, ქვეყნის რეზიდენტებს რუსეთთან და ვიეტნამთან დაკავშირებული ყველა აქტივის დეკლარირება მოუწევთ, ხოლო გარკვეული სახის შემოსავალი და ოპერაციები შესაძლოა უფრო მაღალი განაკვეთით დაიბეგროს.

ფინანსური ექსპერტების განმარტებით, მას შემდეგ, რაც რუსეთი სიაში მოხვდება, პორტუგალიის საგადასახადო ორგანოებს რუსულ აქტივებთან დაკავშირებული ტრანზაქციების მონიტორინგის მეტი შესაძლებლობა ექნებათ.

ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს ასევე მოეთხოვებათ საგადასახადო უწყებას რეგულარულად წარუდგინონ ანგარიშები იმ იურისდიქციებში განხორციელებული ფულადი გზავნილების შესახებ, რომლებიც გაძლიერებულ კონტროლს ექვემდებარებიან.

პორტუგალიის ხელისუფლების მონაცემებით, 2025 წელს ქვეყნიდან იმ სახელმწიფოებში, რომლებიც უკვე საგადასახადო "შავ სიაში" შედიან, დაახლოებით 9.4 მილიარდი ევრო გადაირიცხა. ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 16.4%-ით მეტია.

პორტუგალია "შავ სიას" გადასახადებისგან თავის არიდებასთან ბრძოლისა და საერთაშორისო დაბეგვრაში გამჭვირვალობის ხელშეწყობისთვის იყენებს. იურისდიქცია სიაში შესაძლოა მოხვდეს, თუ ის აკმაყოფილებს შემდეგი პირობებიდან ერთ-ერთს:

  • აწესებს დაბალ ან ნულოვან მოგების გადასახადს (12%-ზე ნაკლებს);
  • იყენებს საგადასახადო წესებს, რომლებიც მნიშვნელოვნად განსხვავდება გლობალური სტანდარტებისგან;
  • სთავაზობს სპეციალურ რეჟიმებს ან შეღავათებს, რომლებიც გადასახადებს არაორდინარულად დაბალ ნიშნულამდე ამცირებს;
  • ზღუდავს საგადასახადო ან ფინანსური ინფორმაციის გაცვლას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები