ევროპულმა ქვეყნებმა მკვეთრად უარყვეს ამერიკის შეერთებული შტატების წინადადება, რომელიც ევროკავშირში გაყინული რუსული სუვერენული აქტივების ნაწილის განბლოკვასა და ვაშინგტონის მეთვალყურეობის ქვეშ გადაცემას ითვალისწინებს.
Financial Times-ის ცნობით, ინიციატივა, რომლის მიზანიც რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების განახლება იყო, აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა და დონალდ ტრამპის სიძემ, ჯარედ კუშნერმა მაიამიში გამართულ შეხვედრაზე წარადგინეს.
როგორც ირკვევა, დისკუსიას უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ევროკომისიისა და NATO-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, თუმცა შეხვედრა შედეგის გარეშე დასრულდა. ამასთან, ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა პირდაპირ განაცხადეს, რომ ეს ინიციატივა არ განხორციელდება, რადგან ევროპა ეწინააღმდეგება როგორც აქტივებზე კონტროლის მესამე მხარისთვის გადაცემას, ისე სახსრების მოსკოვისთვის დაბრუნებას.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა საერთო ჯამში $291 მილიარდის რუსული სუვერენული აქტივები დაბლოკეს. ამ თანხიდან დაახლოებით $235 მილიარდი ევროკავშირში რჩება, რომლის დიდ ნაწილს ბრიუსელში ბაზირებული დეპოზიტარი Euroclear-ი ინახავს.
























