მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკომისია რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების გამკაცრებას გეგმავს

ევროკავშირი და რუსული პასპორტები

ევროკომისიამ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო წესების გამკაცრების გეგმის მომზადება დაასრულა.

გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, ბრიუსელი შესაბამის საკანონმდებლო პროექტს ოფიციალურად იანვარში წარადგენს. ეს ინიციატივა კი მიზნად ევროპული ქვეყნების მოსკოვის ჰიბრიდული თავდასხმებისგან დაცვას ისახავს.

აღსანიშნავია, რომ სავიზო პოლიტიკის გადახედვის მოთხოვნით ევროპულ სტრუქტურებს პოლონეთმა, შვედეთმა და ესტონეთმა მიმართეს. ამ ქვეყნების მთავრობებმა ყურადღება უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი ყოფილი რუსი სამხედროების ევროკავშირში შესვლის საფრთხეებზე გაამახვილეს.

შვედეთის იუსტიციის მინისტრ გუნარ სტრომერის განცხადებით, ევროპული სისტემის სისუსტეებს მტრულად განწყობილი ძალები აქტიურად იყენებენ. შვედი ოფიციალური პირის შეფასებით, მოსკოვის მიერ ორგანიზებული დივერსიებისა და ხანძრების გახშირების ფონზე, მოქმედი სავიზო წესები ევროპის უსაფრთხოებას პირდაპირ საფრთხეს უქმნის.

აღსანიშნავია, რომ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედროებისთვის ევროკავშირში შესვლის სრული აკრძალვის ინიციატივაც კი წამოაყენა. მისი განმარტებით, რუსეთის სპეცსამსახურების მხარდაჭერით მოქმედი დაახლოებით 650,000 ყოფილი მებრძოლი ორგანიზებულ კრიმინალში ჩართვისა და ტერორისტული აქტების მოწყობის სერიოზულ რისკს ქმნის. ესტონელმა დიპლომატმა თითოეული პირის ინდივიდუალური შემოწმებისა და ქვეყანაში შემოსვლის დაბლოკვის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

ევროპული ქვეყნების ნაწილი ამ საკითხის საგარეო საქმეთა საბჭოს 12 ოქტომბრის სხდომაზე განხილვას გეგმავს. ევროპელი დიპლომატები რუსი დიპლომატებისთვის გადაადგილების დამატებითი შეზღუდვების დაწესების წინადადებითაც აპირებენ გამოსვლას, თუმცა უცნობია, რამდენად მოხერხდება მხარეებს შორის პოზიციების შეჯერება.

ცნობისთვის, გასულ წელს რუსეთის მოქალაქეებმა ჯამურად შენგენის 478,000 ტურისტული ვიზა მიიღეს. გაცემული დოკუმენტების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მრავალჯერადი შესვლის ნებართვებს მოიცავდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები