მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2027 წლიდან ლიკვიდაციაც შესაძლებელი იქნება - რა რისკების წინაშეა 2022 წლამდე რეგისტრირებული ბიზნესი

თამთა მარგველაშვილი

საქართველოში 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ კერძო კომპანიებს „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად ვადა 2026 წლის 31 მარტამდე აქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, 1 აპრილიდან მათი რეგისტრაცია შეჩერდება, რაც პრაქტიკაში ბიზნესსაქმიანობის სრულ პარალიზებას ნიშნავს. ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ იურიდიული კომპანია „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები“-ს კონკურენციის, კაპიტალისა და ფინანსური ბაზრების მიმართულების დირექტორმა თამთა მარგველაშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, საქმე მხოლოდ ტექნიკურ განახლებას არ ეხება და რეფორმა ბიზნესგარემოს ფუნდამენტურად ცვლის.

„ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვან სიახლეზე ვსაუბრობთ. ეს ახალი „მეწარმეთა შესახებ“ კანონი ფაქტობრივად სრულიად ახალ რეალობას ქმნის ბიზნეს გარემოსთვის“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

მისი თქმით, წინა სამართლებრივი ჩარჩო 90-იანი წლებიდან მოდიოდა და თანამედროვე ეკონომიკურ ურთიერთობებს ვეღარ პასუხობდა. „ბიზნესი გამრავალფეროვნდა, გაჩნდა საერთაშორისო კომპანიები და ინვესტორები, შესაბამისად გარემოც უნდა ყოფილიყო მათზე მორგებული“, - განმარტა მან.

მისივე შეფასებით, რეფორმის ერთ-ერთი ამოცანა იყო თანაბარი და გამჭვირვალე ბიზნესპირობების შექმნა. „თანაბარი სათამაშო პირობების შექმნა გამორიცხული იყო გარკვეული სისტემატიზაციისა და პასუხისმგებლობების გაზრდის გარეშე. ადრე ბევრი საკითხი კულისებს მიღმა წყდებოდა და ჯანსაღი კონკურენცია ყოველთვის არ არსებობდა“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისი განმარტებით, გარდამავალი ეტაპის ფარგლებში კომპანიებს პირველ რიგში სადამფუძნებლო დოკუმენტაციის, წესდებებისა და პარტნიორთა შეთანხმებების განახლება ევალებათ, რაც, მისი სიტყვებით, „ფაქტობრივად ბიზნესის კონსტიტუციაა“. ცვლილებები შეეხება მენეჯმენტის სტრუქტურას, დირექტორების პასუხისმგებლობას, პარტნიორთა და განსაკუთრებით მინორიტარების უფლებებს. „ამ განახლების მიზანია, რომ ადგილობრივი და საერთაშორისო, მსხვილი და მცირე ბიზნესი ერთიან სამართლებრივ ჩარჩოში მოექცეს“, - აღნიშნა მან.

მარგველაშვილის თქმით, ვადების გადავადება უკვე არაერთხელ მოხდა. 2025 წლის მარტში დასახელდა, რომ დაახლოებით 280 000-მდე სუბიექტს არ ჰქონდა მოთხოვნებთან შესაბამისობა მიღწეული, რის გამოც ვადა ერთი წლით, 2026 წლის 1 აპრილამდე გადაიწია. თუმცა, როგორც ის ამბობს, ოფიციალური განახლებული მონაცემები ამ დროისთვის არ არსებობს. „თუ შევადარებთ ანგარიშგებებს, შესაძლოა დაახლოებით 100 000-მდე მოქმედი სუბიექტი იყოს, მაგრამ მათგანაც ძალიან მცირე ნაწილს აქვს სადამფუძნებლო დოკუმენტაცია სრულად მოწესრიგებული. ეს ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ბევრი კომპანია რჩება რისკის ქვეშ“, - განაცხადა მან.

მისივე შეფასებით, პრობლემა მხოლოდ ფინანსურ ხარჯს არ უკავშირდება. „ეს არ არის მხოლოდ იურიდიული კონსულტაციის ფასი ან ადმინისტრაციული რესურსი. ძალიან ბევრ ბიზნესს შიდა პრობლემები აქვს - შეთანხმების მიღწევა რთულია“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

მისი თქმით, კორპორატიული კულტურის ცვლილება, მენეჯმენტის სტრუქტურის გადახედვა და პასუხისმგებლობების გადანაწილება პარტნიორებს შორის კონსენსუსს მოითხოვს, რაც ხშირად ვერ ხერხდება.

გარდა ამისა, მნიშვნელოვან დაბრკოლებად ის სასამართლო დავებს ასახელებს. „ბევრ კომპანიაში დავებია, რომლებიც წლობით იწელება. წესდებას ვერ განაახლებ, თუ პარტნიორთა კრება არ ჩატარებულა და გადაწყვეტილება არ არის მიღებული“, - განმარტა მან. მისი თქმით, სწორედ ასეთი შიდა და სტრუქტურული პრობლემები აფერხებს პროცესს და ადაპტაციის ფასი მხოლოდ ფინანსური არ არის.

რაც შეეხება სანქციებს, მარგველაშვილი განმარტავს, რომ პირველ ეტაპზე კომპანიებს რეგისტრაცია შეუჩერდებათ, რაც რეესტრში შესაბამისი ჩანაწერის გაკეთებას ნიშნავს : „საქმიანობის შეჩერება პრაქტიკაში პარალიზებას გულისხმობს. ინფორმაცია მიეწოდება საგადასახადო ორგანოს, ბანკებს, მომსახურების სააგენტოს. თუ საბანკო ანგარიშებს ვერ განკარგავ, ვერც ხელფასებს გადაიხდი და ვერც ახალ დაფინანსებას მოიპოვებ“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, თუ კომპანია დოკუმენტაციას განაახლებს, შეჩერების ჩანაწერი მყისიერად მოიხსნება. თუმცა 2027 წლიდან პროცესი კიდევ უფრო მკაცრ ფაზაში გადავა.

„თუ 2027 წლის 1 იანვრიდანაც არ იქნება შესაბამისობაში მოყვანილი და სამთვიან ვადაში ხარვეზი არ გამოსწორდება, უკვე რეგისტრაციის გაუქმებაზე და ლიკვიდაციის პროცესზე გადავალთ. სასამართლო დანიშნავს ლიკვიდატორს და ამოქმედდება ის პროცედურები, რაც კანონით არის გათვალისწინებული“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

მისი შეფასებით, პროცესი რთულია და დიდ გამოწვევებთან არის დაკავშირებული. მიუხედავად სირთულეებისა, რეფორმა აუცილებელია, თუ ქვეყანას საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირება სურს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები