მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სტეიკჰაუსი #1“ ახალ ფილიალს აბაშიძეზე გახსნის - ინვესტიცია $1 მილიონზე მეტია

სტეიკჰაუსი

თბილისში „სტეიკჰაუსი #1“-ის ახალი, დაახლოებით 400 კვადრატული მეტრის ფართობის ფილიალი გაიხსნება. აბაშიძის ქუჩაზე განთავსებული ობიექტი ბრენდისთვის რიგით მესამე იქნება და მისი გახსნა 2027 წლის გაზაფხულზე იგეგმება.

როგორც „სტეიკჰაუსი #1“-ის დამფუძნებელმა და რესტორატორმა შოთა ბურჯანაძემ BM.GE-სთან განაცხადა, პროექტში მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდება. ახალი ფილიალის კონცეფცია კომპანიის არსებული ობიექტებისგან განსხვავებული იქნება და მომხმარებელს რამდენიმე ახალ სერვისს შესთავაზებს.

"გვინდა, ეს იყოს ადგილი, სადაც მომხმარებელი მხოლოდ საჭმელად არ მოვა და მთლიანად პროცესის ნაწილი გახდება. ღია სამზარეულოში სტუმარი დაინახავს, როგორ მზადდება მისი შეკვეთა, ხოლო სურვილის შემთხვევაში თავადაც შეძლებს სტეიკის შეწვას ისე, როგორც მოსწონს. ასევე გვექნება VIP ლაუნჯი - უფრო მშვიდი და განცალკევებული სივრცე მათთვის, ვისაც შეხვედრისთვის ან განსაკუთრებული საღამოსთვის ასეთი გარემო სჭირდება“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

მისივე ინფორმაციით, ახალი ფილიალი სტეიკის ხორცის უფრო ფართო არჩევანსაც გააერთიანებს და მომხმარებელს იმ პროდუქტებსა და გამოცდილებებს შესთავაზებს, რომლებიც საერთაშორისო ბაზარზე უკვე გავრცელებულია, საქართველოში კი შედარებით ახალია.

რესტორატორი ამბობს, რომ ახალი ობიექტი „სტეიკჰაუსი #1“-ის ქსელის გაფართოების ნაწილია. კომპანიამ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ფილიალი აღმაშენებლის გამზირის 44 ნომერში, „რედისონის“ ბრენდში გახსნა.

"ეს ფილიალი ზომითაც უფრო დიდი იქნება და ჩვენი ამოცანაა, მომხმარებელს ისეთი სივრცე შევთავაზოთ, რომელიც როგორც ჩვეულებრივი ვიზიტისთვის, ისე საქმიანი შეხვედრებისთვის იქნება საინტერესო. ფაქტობრივად, ერთ სივრცეში რამდენიმე განსხვავებულ საჭიროებას გავაერთიანებთ.

ამ დროისთვის ახალ ფილიალში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და ჩვენი გათვლით, ობიექტი 5-6 თვეში გაიხსნება“, - აღნიშნა რესტორატორმა.

ახალი რესტორნის გახსნის შედეგად კომპანია დაახლოებით 25-30 ახალი თანამშრომლის დასაქმებას გეგმავს. შოთა ბურჯანაძის თქმით, ძირითადად ქართველ კადრებს დაასაქმებენ, თუმცა კონკრეტულ პოზიციებზე პროფესიონალი უცხოელი სპეციალისტების ჩართულობაც შესაძლებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები