რესტორნის „სტეიკჰაუსი #1“ გაყიდვები ყოველწლიურად საშუალოდ 5-10%-ით იზრდება. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა და რესტორატორმა შოთა ბურჯანაძემ BM.GE-სთან განაცხადა, სტეიკის მიმართ მომხმარებლის ინტერესი წლების განმავლობაში მატულობს და პროდუქტი უკვე მხოლოდ მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანების არჩევანი აღარ არის.
ბურჯანაძის შეფასებით, მიმდინარე წლის 8 თვეში სარესტორნო სექტორში მნიშვნელოვანი გაუარესება არ დაფიქსირებულა. პირიქით, ტურისტული სეზონის პოზიტიურმა შედეგებმა რესტორნების ნაწილზე დადებითად იმოქმედა, თუმცა რეგიონების მიხედვით სურათი განსხვავებულია.
„თუ გარეთ ან ქვეყნის შიგნით ისეთი გლობალური ცვლილება არ ხდება, რომელიც მთლიანად სექტორზე მოახდენს გავლენას, სარესტორნო ბიზნესი ყოველთვის პლუს-მინუსის რეალობაშია. ვიღაც ვითარდება, ვიღაცას გამოწვევები აქვს. წელს, 8 თვის ჭრილში, ისეთი სისტემური პრობლემა არ შექმნილა, რომ მთლიანად სარესტორნო სექტორს დიდი კლება ჰქონოდა. ტურისტული სეზონი დადებითად მიმდინარეობდა და ეს, ბუნებრივია, რესტორნებზეც აისახა. განსაკუთრებით ეს ტურისტულ ქალაქებსა და იმ ადგილებს ეხება, სადაც ტურისტების ნაკადი უფრო მაღალია“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, ზოგადად "სტეიკჰაუსების" მიმართულება სარესტორნო ბაზრისგან გარკვეულწილად განსხვავდება, რადგან საქართველოში ამ ტიპის ობიექტების რაოდენობა ჯერ კიდევ მცირეა. თუმცა აქვე ის აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში მომხმარებელი უფრო მეტად გაეცნო სტეიკის კულტურას და გაიზარდა როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი სტუმრების ინტერესი.
„სტეიკჰაუსების მიმართულება გარკვეულწილად ცალკე მდგომი სეგმენტია. საქართველოში ასეთი რესტორნების სიმრავლე არ გვაქვს და თითზე ჩამოსათვლელი ბრენდებია. მე უკვე 12 წელია ამ ბაზარზე ვარ და ამ პერიოდში აშკარად ვხედავ, რომ მომხმარებელი გაიზარდა. საზოგადოებამ უკეთ გაიცნო სტეიკი, გაიგო, რა პროდუქტია და როგორ შეიძლება მისი მირთმევა. ამას ემატება უცხოელი სტუმრების ინტერესიც. ამიტომ, ამ წლების განმავლობაში ზრდა ყოველთვის გვქონდა. ზოგჯერ მეტი, ზოგჯერ ნაკლები, მაგრამ კლება ტენდენციად არ ქცეულა“, - აღნიშნა რესტორატორმა.
მისი შეფასებით, შეიცვალა თავად მომხმარებლის დამოკიდებულებაც რესტორნების მიმართ - არჩევანისას ადამიანები უკვე მხოლოდ კერძის გემოს აღარ აფასებენ.
„როდესაც სტეიკჰაუსი დავაფუძნე, საქართველოში არსებობდა წარმოდგენა, რომ სტეიკი მხოლოდ ლუქს სეგმენტის მომხმარებლისთვის იყო და საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანისთვის ეს უფრო იშვიათი სიამოვნება შეიძლებოდა ყოფილიყო. ჩემი მიზანი თავიდანვე იყო ამ წარმოდგენის შეცვლა. ჩვენთან არის როგორც ქართული, ისე უცხოური ხორცი და სწორედ ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ პროდუქტი უფრო ფართო აუდიტორიისთვის იყოს ხელმისაწვდომი. დღეს ჩვენი სტუმრები არიან როგორც მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანები, ისე საშუალო ფენის წარმომადგენლები.
ადამიანისთვის მხოლოდ ის აღარ არის მნიშვნელოვანი, რომ გემრიელად ჭამოს. როდესაც ფინანსური შესაძლებლობები და მოთხოვნები იზრდება, მას უკვე აინტერესებს, სად ზის, როგორი გარემოა, როგორი მომსახურებაა, რა მუსიკა უკრავს და რა გამოცდილებას იღებს მთლიანად. შესაბამისად, დღეს რესტორატორი მხოლოდ კარგ კერძზე აღარ ფიქრობს - კონკურენცია აიძულებს, ყველა დეტალს მიაქციოს ყურადღება“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.
რაც შეეხება სექტორის გამოწვევებს, რესტორატორი მთავარ პრობლემად ადამიანური რესურსის საკითხს ასახელებს. მისი თქმით, ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ პროფესიონალი კადრების, არამედ იმ ადამიანების მოძიებაცაა, რომლებსაც სფეროში მუშაობის სურვილი აქვთ.
„ჩვენს სფეროში ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული და კადრები ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მხოლოდ პროფესიონალების დეფიციტზე არ ვსაუბრობ. პრობლემაა ისიც, რომ ზოგადად რთულია იპოვო ადამიანი, რომელსაც ამ სფეროში მუშაობის სურვილი აქვს და მზად არის, პროფესიულად განვითარდეს. ამიტომ ადამიანური რესურსი ჩვენს ინდუსტრიაში კიდევ დიდხანს დარჩება ერთ-ერთ მთავარ საკითხად“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.
























