ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, 2027 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები უფრო „სახალხოა“, ვიდრე - ეკონომიკური ზრდა. ამის შესახებ ეკონომისტმა BMGTV-ის გადაცემა „#წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა, სადაც მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები და ხარჯვითი ნაწილი გააანალიზა.
მთავრობის პროგნოზით, მომავალ წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება, ხოლო წელს დაჩქარებული ინფლაცია მომდევნო წლის ბოლოსთვის მიზნობრივ 3%-იან ნიშნულს დაუბრუნდება. 2027 წლის ბოლოსთვის, ერთ სულ მოსახლეზე მშპ 12 ათას დოლარს მიაღწევს, ხოლო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2.6%-ის ფარგლებში იქნება. რაც შეეხება ხარჯებს, მომავალი წლის ნაერთი ბიუჯეტი (რომელიც მოიცავს ცენტრალური ხელისუფლების, მუნიციპალიტეტებისა და ავტონომიური რესპუბლიკების დაფინანსებას) 38 მილიარდ 243 მილიონ ლარს შეადგენს — ეს წლევანდელზე 2.2 მილიარდზე მეტია. უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტის ზომა კი 32.7 მილიარდ ლარამდე იზრდება. მთელი ბიუჯეტის თითქმის მესამედი — 10.9 მილიარდი ლარი — ჯანდაცვის სამინისტროზე მოდის. დაფინანსების მოცულობით მომდევნო ადგილებზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის (₾3.23 მლრდ) და განათლების (₾3 მლრდ) სამინისტროები არიან. მხარჯავი უწყებების ხუთეულში კი თავდაცვისა (2.25 მლრდ) და შინაგან საქმეთა (1.75 მლრდ) სამინისტროები შედიან.
ორიენტაცია მოწყვლად ჯგუფებსა და სოციალურ ხარჯებზე
ჟურნალისტის კითხვაზე - რამდენად ორიენტირებულია მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები რიგით მოქალაქეზე, ეკონომისტმა განაცხადა, რომ ხარჯვითი ნაწილის სტრუქტურას მკვეთრად სოციალური ხასიათი აქვს.
„თუ შევხედავთ თვითონ ბიუჯეტს და ზრდას წინა წელთან შედარებით, ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ სოციალური ტიპის ხარჯები (ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დაცვა) მთავარი ხარჯვითი კატეგორიაა. მთლიანი ხარჯების დაახლოებით 50% სწორედ ამ სამ მიმართულებაზე მოდის. აქედან გამომდინარე, ეს ბიუჯეტი უფრო მიმართულია მოსახლეობასა და განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებზე - პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებზე. შესაბამისად, დიახ, ნამდვილად შეიძლება ვთქვათ, რომ სახელმწიფო და ნაერთი ბიუჯეტიც უფრო მეტად არის “სახალხო”, ვიდრე ის ეკონომიკური ზრდა, რომელსაც სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს“, - აცხადებს გიორგი ხიშტოვანი.
ამასთან, ეკონომისტის განმარტებით, სოციალური ხარჯების (მათ შორის პენსიების) ზრდა არა მხოლოდ პოლიტიკური ნება, არამედ კანონის პირდაპირი მოთხოვნაა, რომელსაც მთავრობა გვერდს ვერ აუვლიდა.
“როდესაც მთავრობა აანონსებს პენსიების გაზრდას, ის ბოლომდე არ ჰყვება სიმართლეს - მან უბრალოდ კანონი დაიცვა და კანონით გათვალისწინებული ზრდა განახორციელა. ამ ტიპის ხარჯებს ვერ გაექცევი - მთავრობას შეუძლია გზა არ დააგოს, მაგრამ პენსიის გაზრდაზე უარს ვერ იტყვის; იგივე ეხება ჯანდაცვასაც, სადაც ხარჯები მთელ მსოფლიოში სწრაფად იზრდება,“ - დასძინა მან.
ინტერვიუში ეკონომისტმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ სოციალური ხარჯების მატება ავტომატურად ეფექტიანობის გაზრდას არ ნიშნავს. მაგალითად მან სოციალურად დაუცველთა ბაზების გადამოწმების პროცესი და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მუდმივად მზარდი ბიუჯეტი მოიშველია.
„გვიხატავენ სურათს, თითქოს ეკონომიკური ზრდის ფონზე ყველაფერი იდეალურადაა. ასე რომ იყოს, ბოლო სამი წლის განმარტებაში არ მივიღებდით მოცემულობას, როდესაც ბიუჯეტში მხოლოდ ყველაზე აუცილებელ და კანონით სავალდებულო ხარჯებს ვზრდით. შედეგად, ბიუჯეტი ორიენტირებულია არა განვითარებაზე, არამედ უბრალოდ სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების მინიმალური საარსებო სტანდარტის შენარჩუნებაზე. ამას ემატება ეფექტიანობის პრობლემაც - აღმოჩნდა, რომ წლების განმავლობაში 170 000-მდე ადამიანი სოციალურ დახმარებას დაუმსახურებლად იღებდა“, - აღნიშნა ხიშტოვანმა.
ეკონომიკის „ვირტუალური ზრდა“ და 5%-იანი პროგნოზი
ეკონომისტის შეფასებით, მთავრობის მიერ დაგეგმილი 5%-იანი ეკონომიკური ზრდა რეალისტურია, თუმცა ეს ზრდა დიდწილად „ვირტუალურ“ და „ბუღალტრულ“ ხასიათს ატარებს.
გიორგი ხიშტოვანის განმარტებით, მაღალი მაჩვენებლების მთავარი დრაივერი ICT (ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები) სექტორია, რომელიც წლებია 30%-ით იზრდება საგადასახადო შეღავათებით სარგებლის გამო და რეალურ ეკონომიკასთან ნაკლებადაა დაკავშირებული. გარდა ამისა, ეკონომიკის ზრდას უზრუნველყოფს ნავთობის რეექსპორტი, აზარტული თამაშების სექტორი და ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია, რაც საგარეო ფაქტორებსა და უკრაინის ომზეა დამოკიდებული.
„თუ ეკონომიკური ზრდის მთავარი დრაივერი კვლავ ICT სექტორი იქნება და შევინარჩუნებთ მხოლოდ “ბუღალტრული ჰაბის” ფუნქციას იმ კომპანიებისთვის, რომლებიც საგადასახადო შეღავათების გამო ტრანზაქციებს საქართველოს გავლით ატარებენ, 5%-იან ზრდას, რა თქმა უნდა, მივიღებთ. თუმცა, როდესაც ერთი კონკრეტული სექტორი ასეთ სერიოზულ გავლენას ახდენს მთლიან მაჩვენებლებზე, მისი გამორიცხვით სურათი შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს. ამ ვირტუალური ზრდის გამომწვევი სექტორების გარდა, ვერ ვხედავ საფუძველს იმის მოლოდინისთვის, რომ მივიღებთ რეალურ ეკონომიკურ განვითარებას, რომელიც შემდგომში საგადასახადო შემოსავლების სწრაფ მატებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა მან.
ახალი ვალის სტრუქტურა და რისკები
“წერტილთან“ ინტერვიუში ეკონომისტმა ახალი ვალის სტრუქტურული ცვლილებებიც შეაფასა. 2027 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მთავრობა ჯამში 4.8 მილიარდი ლარის ახალ ვალს აიღებს. ამასთან, ახალი საგარეო სესხები 2 მილიარდ ლარამდე მცირდება, ხოლო საშინაო ვალის წილი 2.8 მილიარდ ლარამდე იზრდება.
ეკონომისტი ფინანსთა სამინისტროს მიერ ვალის მართვის კონსერვატიულ მიდგომას დადებითად აფასებს, თუმცა პროცესის მიღმა არსებულ რისკებსაც ხედავს:
„ზოგადად, ფინანსთა სამინისტრო შექებას იმსახურებს - ასეთ დროს პოლიტიკური დღის წესრიგი მოთოკო და სახელმწიფო ვალი არ გაგექცეს, მნიშვნელოვანი მიღწევაა. ლარში დენომინირებულ ვალზე გადასვლა სავალუტო რისკებისგან დასაცავად სწორი მიდგომაა. თუმცა, აქ ორი ფაქტორია: ერთი მხრივ, დასავლური სახსრების მოზიდვა სხვა თანაბარ პირობებში გართულებულია; მეორე მხრივ, უცხოური რესურსი გლობალურადაც ძვირდება.
მთავარი კითხვა, რაც წლის განმავლობაში გამოჩნდება, არის ის - მართლაც მოხერხდება თუ არა ლარში გამოშვებული ვალის «გაყიდვა» უცხოელ და ინსტიტუციურ ინვესტორებზე, თუ ეს იქნება ეკონომიკიდან და საბანკო სექტორიდან რესურსების ამოღება (“ფისკალური სტერილიზაცია”) მიმდინარე სოციალური ხარჯების დასაფარად“, - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.
“შეშინებული მთავრობის ბიუჯეტი” - რას უნდა დაესვას #წერტილი?
ეკონომისტის შეფასებით, 2027 წლის ბიუჯეტში არ ჩანს პრობიზნესური ან რეფორმებზე ორიენტირებული ინიციატივები, რომლებიც ეკონომიკის გაჯანსაღებასა და ახალი სტიმულების შექმნას შეუწყობდა ხელს.
„მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ვერაფერს პრობიზნესურს ვერ ვხედავ. ეს არის ძალიან ფრთხილი, არა რეფორმებსა და განვითარებაზე ორიენტირებული ბიუჯეტი, რომელიც ცდილობს სტატუს-კვოს შენარჩუნებას. მთავრობა ვერ ხედავს შესაძლებლობებს (გარდა შუა დერეფანთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული ხარჯებისა), რომ სახელმწიფო სახსრებით განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკა აწარმოოს. ეს არის დაცვის პოზიციაში მყოფი, «შეშინებული მთავრობის» ბიუჯეტი, სადაც ფინანსთა სამინისტროს შეიძლება ზედმეტადაც უსმენენ“, - აცხადებს ეკონომისტი.
გადაცემის ტრადიციულ კითხვას - რას უნდა დაესვას #წერტილი საქართველოში, გიორგი ხიშტოვანმა ასე უპასუხა:
„ფისკალურ ნაწილში წერტილი უნდა დაესვას შეშინებულ, არა რეფორმებზე ორიენტირებულ და გადამეტებულად ფრთხილ პოლიტიკას. ასეთი სახელმწიფო პოლიტიკა აუცილებლად შობს ბაზარზე სხვადასხვა სპეკულაციურ მოდელებს, რაც საბოლოო ჯამში ეკონომიკისთვის სახიფათოა. ამიტომ წერტილი უნდა დაესვას განვითარებაზე უარის თქმას“, - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.
























