გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით სონღულაშვილის განცხადებით, საქართველო აგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გაწერილი მიზნების შესრულებას. ამის შესახებ სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, რომელშიც უწყების ხელმძღვანელი საფრანგეთში, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 92-ე გენერალურ სესიაში მონაწილეობა და ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) გენერალურ დირექტორთან შეხვედრას აფასებს.
დავით სონღულაშვილი აცხადებს, რომ ის საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ესპანეთის, პორტუგალიის, საფრანგეთის და კენიის კოლეგა მინისტრებს შეხვდა, რა დროსაც საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზეც ისაუბრეს. „შეხვედრებზე განვიხილეთ თანამშრომლობის ფარგლებში გამოცდილების, ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების საკითხები, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობები“, - აცხადებს სონღულაშვილი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს მიერ გაწერილი ევროინტეგრაციის საგზაო რუკის გარდა „თუ ევროკავშირს გააჩნია საქართველოსთან კონკრეტული თანამშრომლობის ინტერესი, ჩვენ მზად ვართ ამისთვის დღესვე“.
„შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზე და მის მნიშვნელობაზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოსთვის პრიორიტეტია ევროინტეგრაცია. 2028 წლამდე ჩვენ ვაგრძელებთ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, მათ შორის, კანონმდებლობის ჰარმონიზაციას. ჩვენი საგზაო რუკა მკაფიოა და მიზნად ისახავს მზადყოფნას 2030 წლისთვის. ამავდროულად, თუ ევროკავშირს გააჩნია საქართველოსთან კონკრეტული თანამშრომლობის ინტერესი, ჩვენ მზად ვართ ამისთვის დღესვე.
თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ევროკავშირის ბაზრებზე ექსპორტის ზრდის მიმართულებით. აღნიშნული ტენდენციის შენარჩუნებისთვის აუცილებელია კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა და ინვესტიციების წახალისება, რაც უზრუნველყოფს ორმხრივ ეკონომიკურ სარგებელს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.