მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“2028 წლის ბოლომდე ქსელს ქარიდან 360 მგვტ-მდე სიმძლავრე დაემატება” – რა ეტაპზეა დაანონსებული პროექტები?

ქარის ელექტროსადგური

განახლებადი ენერგიების წყაროებიდან საქართველოში ქარის ენერგეტიკა შედარებით ნელი ტემპით ვითარდება. ამჟამად საქართველოს ენერგოსისტემის დადგმული სიმძლავრე 4 621 მგვტ-ია, აქედან ქარის სადგურების სიმძლავრე მხოლოდ 21 მეგავატს შეადგენს.

“უსასრულო ენერგიას” აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, უახლოესი რამდენიმე წლიან პერსპექტივაში სისტემას დაახლოებით 400 მეგავატამდე სიმძლავრის ქარის სადგურები შეემატება. ეს ის პროექტებია, რომელიც უკვე მშენებლობის ეტაპზეა. ამასთან, “პირდაპირი კონტრაქტების” მექანიზმის ფარგლებში ეკონომიკის სამინისტროში 4 222 მეგავატის სიმძლავრის 60-სზე მეტი ქარის პროექტია წარდგენილი, თუმცა აქედან რამდენი გადავა მშენებლობის ეტაპზე ჯერ უცნობია.

კერძო სექტორში ამბობენ, რომ ამ მოცულობის სიმძლავრის პროექტები ფიზიკურად ვერ განხორციელდება რამდენიმე მიზეზის გამო. გარდა ამისა, ფასთაშორის სხვაობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფიქსირებული ტარიფი 6 ცენტი, შესაძლოა პროექტების განხორციელებისთვის არ აღმოჩნდეს საკმარისი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ენერგეტიკული ბირჟის კონცეფციიდან გამომდინარე, უბალანსობაზე პასუხისმგებლობა კერძო სექტორზე გადავა.

“წარდგენილი განაცხადებიდან, რაც ჯამურად დაახლოებით 5 000 მეგავატი იყო ქარის შემთხვევაში, პრაქტიკულად წარმოუდგენელია ეს მომავალ ერთ ან სამ წელში განხორციელდეს.

მოგეხსენებათ, რომ ჩვენმა სისტემამ თითქმის 5 000 მეგავატს მიაღწია და ხუთ ან ათ წელიწადში ამ სისტემის გაორმაგება მხოლოდ ქარის ენერგიის ხარჯზე ვერ მოხდება. ერთია, რომ ტექნიკურად გამორიცხულია სისტემის გაორმაგება მხოლოდ და მხოლოდ ქარის ენერგიის ხარჯზე და მეორე, ყველა წარდგენილი პროექტი არ არის განხორციელებადი რიგი მიზეზების გამო.

ტარიფს რაც შეეხება, რეალისტურ პროექტებთან მიმართებით რომ ვისაუბროთ, ამჟამად მშენებარე და დაგეგმილი პროექტები რაც არის უახლოესი წლების განმავლობაში, ეს არის პირველ რიგში პროექტები, რომლებსაც მაღალი გამომუშავება აქვთ და მეტ-ნაკლებად ყველასთვის მისაღებია 6 ცენტი, თუმცა საკითხი უფრო მეტად სიღრმისეულია, ვიდრე ასე ცალსახად რაოდენობრივად შესაფასებელი. ვგულისხმობ იმას, რომ 6 ცენტი, პირველ რიგში არ ფარავს წლიურად 12-ვე თვეს. ეს ცალსახად გამოწვევაა, თუმცა გადაჭრის გზებიც არსებობს.

თუკი ექსპორტის სიმძლავრეები გაიზრდება მეზობელი ქვეყნების მიმართულებით, ეს გარკვეულწილად გაზრდის ფასთაშორისი სხვაობის კონტრაქტში არმოცული თვეების მანძილზე ენერგიის გაყიდვის შესაძლებლობას. მეორე ის გახლავთ, რომ ეს ფასი - 6 ცენტი, შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს საბალანსო პასუხისმგებლობის სრულფასოვნად დისბალანსის გამომწვევ მხარეებზე გადაკისრების შემთხვევაში. ამ მხრივ, ჯერჯერობით ნათელი სურათი არ არსებობს”,-აცხადებს ბახტურიძე.

საქართველოს ენერგოსისტემაში ამ ეტაპზე მხოლოდ 21 მეგავატის სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურია ინტეგრირებული. მშენებლობის ეტაპზეა სამი პროექტი, რომელიც უახლოეს 3 წლიან პერსპექტივაში ქსელში დამატებით 400 მეგავატამდე სიმძლავრის სადგურების ინტეგრაციის შესაძლებლობას იძლევა. მათ შორისაა კომპანია “უსასრულო ენერგიას” იმერეთი 1-ის პროექტიც, რომლის საინვესტიციო ღირებულება 130 მილიონ დოლარამდეა.

“დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ უშუალოდ სამშენებლო სტადიაზე იმყოფება 200 მეგავატიანი რუისის პროექტი, 100 მეგავატიანი იმერეთის სადგური და კიდევ ერთი 50 მეგავატიანი პროექტი კასპის ტერიტორიაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ქარიდან დაახლოებით 360 მეგავატამდე სიმძლავრე არაუგვიანეს 2028 წლის ბოლო კვარტალისა დაემატება ჩვენს ელექტროენერგეტიკულ ქსელს. მანამდე შეიძლება რომელიმე პროექტმა ძალიან სწრაფი განვითარებაც პოვოს და არ არის გამორიცხული, ეს ციფრი გაიზარდოს, თუმცა ეს არის ის მინიმუმი, რასაც “წყალი არ გაუვა”,-აცხადებს თორნიკე ბახტურიძე.

ამ დროისთვის ქვეყანაში მხოლოდ გორის ქარის ელექტროსადგური ფუნქციონირებს, რომლის დადგმული სიმძლავრე 21 მეგავატს შეადგენს. საქართველოს გადამცემი ქსელის 10 წლიანი გეგმის მიხედვით, მთავრობის გათვლებით, 2034 წლისთვის ენერგოსისტემაში 1 291 მეგავატი სიმძლავრის სადგურების ინტეგრირება იქნება შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები