ჩინური სახელმწიფო კომპანია Sichuan Energy Development-ის ქართული შვილობილი ქარის ენერგეტიკაში 140 მილიონი დოლარამდე ინვესტიციას ჩადებს. საუბარია იმერეთში 100-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის პროექტზე, რომელიც მშენებლობის ეტაპზეა და მომავალ წელს დასრულდება.
17-ტურბინიანი ახალი სადგური საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების სოფლებში განთავსდება. ინვესტორი ახალი 500-კილოვოლტიან ქვესადგურსაც ააშენებს, რომელსაც შემდეგ საკუთრებაში სახელმწიფო ელექტროსისტემას გადასცემს.
როგორც ჩინური კომპანიის ქართული შვილობილის "იბერია კაპიტალ ლიმიტედის" აღმასრულებელი დირექტორი “საქმის კურსთან” ინტერვიუში აცხადებს, პროექტი სრულად ექსპლუატაციაში 2028 წლის დასაწყისში შევა.
“ძალიან ხანგრძლივი მოსამზადებელი პერიოდი განვლო ამ პროექტმა, თუმცა პრაქტიკულად სამშენებლო სტადიაზე იმყოფება და აქტიურად მიმდინარეობს პროექტირების და წინასამშენებლო სამუშაოები, მათ შორის უკვე სამშენებლო სამუშაოებიც. 2027 წლისთვის ქარის სადგურის ნაწილი პრაქტიკულად დასრულებული იქნება და ვგეგმავთ, რომ მთლიანად სადგური ექსპლუატაციაში 2028 წლის დასაწყისისთვის შევიდეს.
ყველაზე დიდი დროის კომპონენტი ეთმობა 500-კილოვოლტიანი ქვესადგურის პროექტირებასა და მშენებლობას, რადგან შინაარსობრივად ეს გახლავთ პროექტის ყველაზე კომპლექსური ნაწილი და შრომატევადიც.
რეალური ინვესტიცია პრაქტიკიდან გამომდინარე საქმის დასრულებისას ხდება ხოლმე ცნობილი, თუმცა ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 130-დან 140 მილიონ დოლარამდე ინვესტიციას მოითხოვს აღნიშნული პროექტი.
პროექტის მშენებლობის არეალში გადის ელექტროგადამცემი ხაზები, მაგრამ არ არის ქვესადგური. შესაბამისად, საჭირო იყო ქვესადგურის მშენებლობა და ეს უნდა დაეფინანსებინა რომელიმე მხარეს. სახელმწიფო ამის დაფინანსებას თუ მოახერხებდა, მოახერხებდა ძალიან გვიან, ამიტომ რაციონალური იყო ინვესტორის მხრიდან ქვესადგურის მშენებლობის დაფინანსება და შემდეგ გადაცემა სახელმწიფოსთვის, რადგან კანონმდებლობით ამ ძაბვის ქვესადგურების ოპერირების ლიცენზიატი მხოლოდ სახელმწიფო ელექტროსისტემა გახლავთ. რეალურად კომერციული სარგებელი ქვესადგურის ფლობაში არ არის, ხარჯის ცენტრია მხოლოდ და არა შემოსავლის ცენტრი.
გამომდინარე იქიდან, რომ კარგი გამომუშავების ადგილი გახლავთ იმერეთის ზეგანი, შესაძლებელი გახდა, რომ კომპანიის მხრიდან დაფინანსებულიყო ქვესადგურის მშენებლობაც”,-აცხადებს თორნიკე ბახტურიძე.
Sichuan Energy Development Group-ს ენერგეტიკის სექტორში საერთაშორისო ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს და მისი აქტივების საერთო ღირებულება დაახლოებით 60 მილიარდ დოლარს შეადგენს.
























