2028 წლის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების დაწყებამდე თითქმის ორი წლით ადრე, ლოს-ანჯელესში ეკონომიკური აქტივობა იზრდება. საორგანიზაციო კომიტეტის, LA28-ის, გაფართოებული შტაბ-ბინა ქალაქის ცენტრში ადგილობრივ ბიზნესს დამატებით მომხმარებლებსა და ახალ შესაძლებლობებს უქმნის.
ორგანიზაციის ხელმძღვანელის, რეინოლდ ჰუვერის განცხადებით, 2024 წლის ივნისში კომიტეტში დაახლოებით 120 ადამიანი მუშაობდა, დღეს კი თანამშრომელთა რაოდენობა 1 000-ს აჭარბებს. თამაშების დაწყებისთვის ეს მაჩვენებელი შესაძლოა 5 000-მდე გაიზარდოს.
კომიტეტის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ოლიმპიადის წარმატება მხოლოდ სპორტსმენების მედლებითა და რეკორდებით არ უნდა შეფასდეს. მნიშვნელოვანი იქნება ის ეკონომიკური მემკვიდრეობაც, რომელსაც თამაშები სამხრეთ კალიფორნიას დაუტოვებს, ახალი სამუშაო ადგილები, ბიზნესშესაძლებლობები და ინვესტიციები.
ლოს-ანჯელესის ოლქის ეკონომიკური განვითარების კორპორაციის მიერ 2026 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების დაგეგმვამ, მომზადებამ და მასპინძლობამ შესაძლოა დიდი ლოს-ანჯელესის რეგიონში 20,5-დან 40,6 მილიარდ დოლარამდე ეკონომიკური პროდუქცია შექმნას და მრავალწლიანი პერიოდის განმავლობაში დაახლოებით 126 ათასიდან 224 ათასამდე სამუშაო ადგილი უზრუნველყოს.
ეკონომიკური სარგებელი სხვადასხვა სფეროზე გავრცელდება, მათ შორის მშენებლობაზე, ტრანსპორტზე, სასტუმროებისა და რესტორნების ბიზნესზე, უსაფრთხოებაზე, გართობასა და ღონისძიებების ორგანიზებაზე.
LA28 განსაკუთრებულ ყურადღებას მცირე და ადგილობრივი ბიზნესის ჩართულობასაც უთმობს. კომიტეტის მიზანია, შესყიდვებისთვის განკუთვნილი თანხების 75 პროცენტი დიდი ლოს-ანჯელესის რეგიონის კომპანიებზე, ხოლო 25 პროცენტი ადგილობრივ და მცირე ბიზნესებზე მიმართოს.
რეინოლდ ჰუვერის განცხადებით, ოლიმპიადის მთავარი მემკვიდრეობა მხოლოდ სპორტული სანახაობა არ იქნება მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური სარგებელი ადგილობრივმა კომპანიებმა თამაშების დასრულების შემდეგაც იგრძნონ.
ლოს-ანჯელესის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია 2028 წლის 14 ივლისს გაიმართება. საორგანიზაციო კომიტეტისთვის კი წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი იქნება, რამდენად შეძლებს ღონისძიება ქალაქისა და მთლიანად სამხრეთ კალიფორნიის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას.
























