მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"2028 წლის შემდეგ [ევროინტეგრაციისთვის] გვიანი იქნება, ყველა კარი დაიხურება" - თამარ გუგულაშვილი

წერტ

რას ეუბნება ირაკლი კობახიძის განცხადება ევროინტეგრაციის დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ საქართველოს მოქალაქეებსა და ევროკავშირს? - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა "წერტილის" ეთერში ევროპარლამენტის "მწვანეთა პარტიის" საპარლამენტო მრჩეველმა, თამარ გუგულაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, 2028 წლამდე მოლაპარაკებების გახსნის დღის წესრიგიდან ამოღება პირდაპირი გზავნილია, რომ "ქართული ოცნება" ევროკავშირში გაწევრიანებას არ აპირებს.

"ამ განცხადებით საქართველოს ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ღიად უთხრა საკუთარ ამომრჩეველს, რომ არანაირი "ევროპაში ღირსებით შესვლა" მათ სინამდვილეში არ უნდოდათ და ღიად ამბობენ უარს. ის, რომ 2028 წლამდე შეაჩერა ყველანაირი წინსვლა ევროკავშირისკენ, დამამტკიცებელი საბუთია, რომ არანაირად არსად აღარ შედის, იმიტომ რომ 2028 წლის შემდეგ, უკვე ძალიან გვიანი იქნებ საქართველოსთვის, აბსოლუტურად ყველანაირი კარი დახურული იქნება და ეს მან ძალიან კარგად იცის.

ამიტომ ღიად თქვა, რომ საქართველო იცვლის კურსს, არ შედის ევროკავშირში, არ უნდა იქ შესვლა. ყველას გვახსოვს, როდესაც 26 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა, გამოვიდნენ ევროკავშირის მაღალი დონის წარმომადგენლები და თქვეს, იმისათვის, რომ საქართველომ გააგრძელოს და ეს გაყინული პროცესი ისევ წამოვიწყოთ, გაფართოების საკითხი და მოლაპარაკებები დღის წესრიგში ისევ დადგეს, საქართველომ უკან უნდა გაიწვიოს თავისი კანონები, რომლებიც მიიღო და არის ანტიევროპული", - აცხადებს თამარ გუგულაშვილი.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ხელისუფლებამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მმართველ პარტიას ასევე კარგად ესმის, რომ დასავლელ პოლიტიკოსებთან მოლაპარაკებების გასახსნელად საკმარისი რესურსი აღარ აქვთ, რადგან დიპლომატები მათთან კავშირზე უარს ამბობენ.

"კობახიძის განცხადებიდან ორ მესიჯს ვხედავ: ერთია, რომ თავის ამომრჩეველს უთხრა, რომ არანაირი ევროკავშირი არ იქნება და, მეორე მხრივ, ევროკავშირს უთხრა, რომ უკვე ეზარებათ მოჩვენებითი შეხვედრები და დაპირებებიც კი, რომლებსაც ადრე გასცემდნენ. ძალიან ბევრი კარტი გახსნეს, ღიად ამბობენ, ვინ არიან.

არ ჩაესვლებათ ევროპის დედაქალაქში დიდი ხანია, კულუარებში დასდევენ პოლიტიკოსებს, მაგრამ არავინ მათ არ ხვდებათ და, "ეზარებასთან" ერთად, უკვე დაიღალნენ, ამოწურეს რესურსები, ვერავის ვეღარ ხვდებიან. მხოლოდ ორბანი ხვდებათ, მისი წნეხით შეიძლება ფიცოც შეხვდეთ, რომელსაც ქართველები საერთოდ არ აინტერესებს, მაგრამ ორბანის ხათრით… უბრალოდ დიპლომატებსაც კი უარს ეუბნებიან სხვა, საშუალო დონის დიპლომატები შეხვედრაზე, არავინ აღარ ელაპარაკებათ მათ, განსაკუთრებით “ქართული ოცნების” ლიდერებს, ჩემი თვალით მინახავს, როგორ მისდევენ ევროპულ პარლამენტის კორიდორებში პოლიტიკოსებს", - ამბობს თამარ გუგულაშვილი.

"მწვანეთა პარტიის" მრჩეველი ასევე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის ხელისუფლებაში 2028 წლის შემდეგაც "ქართული ოცნება" დარჩა, არ არის გამორიცხული, ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი ოფიციალურად ჩამოგვართვას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები