მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2028 წლისთვის Volkswagen-ი ელექტრომობილების განვითარებაში $131 მილიარდს დააბანდებს

6416f12e7560b
გიორგი არონია
20.03.23 10:15
718

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ავტომწარმოებელი, გერმანული Volkswagen Group-ი, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, ელექტრიფიკაციასა და გაციფრულებაში, $131 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს, - ეს გადაწყვეტილება კომპანიის მესვეურებმა სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც გერმანიის ქალაქ ვოლფსბურგში, კომპანიის სათავო ოფისში გაიმარტა. ამერიკული Forbes-ის ინფორმაციით, აღნიშნული ინვესტიციით, სხვა პროექტებთან ერთად, Volkswagen-ი სულ მცირე ორ ახალ ქარხანას ააშენებს - ორთავე ჩრდილოეთ ამერიკაში აშენდება.

ელექტრიფიკაციის მიმართულებით ახალი ინვესტიციის გასაჯაროებასთან ერთად, Volkswagen Group-მა მის მფლობელობაში არსებული კიდევ ერთი ბრენდის, Scout-ის გაცოცხლების შესახებ განაცხადა - ამ ბრენდის განახლებული ავტომობილები ბაზარზე 2026 წელს გამოჩნდება. ამასთანავე, გაირკვა ისიც, რომ Volkswagen-ის ელექტრომობილები, ID.7-ი და ID.Buzz-ი ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე 2024 წლიდან გამოჩნდება.

როგორც ირკვევა, ზემოხსენებული ინვესტიციის ნაწილი, კერძოდ $16.1 მილიარდი, კომპანიის მიერ ელექტრობატარეების წარმოებასა და ნედლეულის მოპოვებისკენ იქნება მიმართული, რაც გასაკვირი სულაც არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ Volkswagen-ის ელექტრომობილები მსოფლიოში შესანიშნავად იყიდება. Volkswagen Group-ის 2022 წლის ყველაზე პოპულარული ელექტრომობილების სამეული ასე გამოიყრება: Volkswagen ID.4 (193’200 ერთეული), Volkswagen ID.3 (75’600 ერთეული) და Skoda Enyaq iV (53’700 ერთეული).

ცნობისთვის გეტყვით, რომ 2022 წელს, Volkswagen Group-ის წმინდა მოგებამ $24.1 მილიარდი შეადგინა, რაც 13%-ით აღემატება 2021 წლის მაჩვენებელს. დღეს, Volkswagen-ის საფონდო კაპიტალიზაცია $81 მილიარდს აღემატება, რაც მას სიდიდით რიგით 164-ე კომპანიად აქცევს მსოფლიოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები