ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძის განცხადებით, თეთრ სიაში არსებულ კომპანიებთან მიმართებით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. საუბარია ამ სიაში მყოფი კომპანიებისთვის ავანსის გარანტიის მოთხოვნის ზღვრის 50%-დან მომდევნო წელს 60%-მდე გაზრდაზე, რაც შემდგომ წლებში 80%-მდე გაიზრდება, 2029 წლიდან კი სრულად ახალ მოდელზე გადასვლა იგეგმება.
რევაზ სოხაძის თქმით, ავანსების სისტემა არაერთ შემთხვევაში თანხების არამართლზომიერად განკარგვის რისკებს ქმნიდა.
„კომპანიებს ავანსს ვაძლევდით, ხოლო უზრუნველყოფის სახით მხოლოდ ნახევარს ვთხოვდით, რაც სახელმწიფოსთვის დიდ რისკს წარმოადგენდა. სამშენებლო კომპანიებთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად შევჯერდით ახალ ნორმებზე – ცვლილებები ეტაპობრივად განხორციელდება, ხოლო 2029 წლიდან მთლიანად ახალ მოდელზე გადავალთ“ - განაცხადა მინისტრმა.
სოხაძის შეფასებით, აღნიშნული ცვლილებების მიზანია სახელმწიფო რისკების შემცირება, ხარისხზე ორიენტაციის გაძლიერება და სამართლიანი, კონკურენტული გარემოს შექმნა სამშენებლო სექტორში.
მისივე თქმით, გაძლიერებული კონტროლი ხარისხსა და ვადებზე შეჯერებულია სამშენებლო სექტორის მოსაზრებებთანაც, განსაკუთრებით ფასწარმოქმნის ნაწილში.
„წლების განმავლობაში ფასწარმოქმნის არსებული სისტემა აზიანებდა ინფრასტრუქტურულ განვითარებას -ტენდერები ხშირად არარელევანტური ფასებით ცხადდებოდა. სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, თავად ჩაერთოს ფასის განსაზღვრაში, რათა შეფასება საბაზრო ფასს დაეფუძნოს“ -აღნიშნა მინისტრმა.
სოხაძემ ხაზი გაუსვა, რომ ხარჯთეფექტურობა არ ნიშნავს ხარისხის შემცირებას.
„ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ საბაზრო ფასზე გაცილებით ნაკლებად შეიძლება ხარისხიანი პროექტის განხორციელება. ჩვენი ამოცანაა ოპტიმალური ფასი, მაღალი ხარისხი და გონივრული ვადები. ეს კი უზრუნველყოფს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდეს საერთაშორისო სტანდარტების -გამჭვირვალე, ეფექტური და ხარისხიანი მიდგომებით“ – განაცხადა მან.
მინისტრის თქმით, ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი მიღებულია სამშენებლო ბიზნესთან, მშენებელთა ასოციაციებთან და სხვადასხვა უწყებებთან უწყვეტი თანამშრომლობის საფუძველზე. პროცესში აქტიურადაა ჩართული სამხარაულის ეროვნული ბიუროც.




























