წამყვანი ჩინური ავტომწარმოებელი Geely მოელის, რომ 2030 წლამდე გაყიდული ავტომობილების რაოდენობა 6.5 მილიონს გასცდება და კომპანია ავტომწარმოებლების საუკეთესო ხუთეულში მოხვდება. როგორც Geely-ს წარმომადგენლები აცხადებენ, მათი მიზანი ათწლეულის ბოლომდე წარმოებული ავტომობილების ერთი მესამედის უცხოურ ბაზრებზე გაყიდვა იქნება, საიდან შემოსავალმაც $143 მილიარდს უნდა მიაღწიოს.
აღსანიშნავია, რომ ჩინური კომპანიის 2025 წლის პროგნოზი გაცილებით მოკრძალებული იყო. Geely-ში აცხადებდნენ, რომ მათი ყველა ბრენდის, მათ შორის, Geely Auto-ს, Zeekr-ისა და Volvo-ს გაყიდვები 2030 წლამდე 4 მილიონს მიაღწევდა და კომპანიას საუკეთესო ავტომწარმოებლების შვიდეულში შეიყვანდა.
გაუმჯობესებული პროგნოზის გასაჯაროებას წინ უძღოდა კომპანიის მიერ ახალი სტრატეგიის შემუშავება, რომლის მიხედვითაც Geely მომავალ 4 წელიწადში განსაკუთრებულ ყურადღებას A და E კლასის მოდელების გამოშვებაზე გაამახვილებს.
ამასთან, კვლევის მიმართულებით დამატებით ხარჯებს გასწევს, რათა ავტომობილების ტექნოლოგიური შესაძლებლობები გააუმჯობესოს და ისინი მომხმარებლებისთვის უფრო მოთხოვნადი გახადოს. კონკურენტუნარიანობის გაზრდის კუთხით მნიშვნელოვანი იქნება ისიც, რომ Geely-ი მანქანების წარმოების ხარჯებს 30%-ით შეამცირებს.
კიდევ ერთი გზა, რომლის გამოყენებითაც ჩინური ბრენდი საერთაშორისო ბაზარზე პოპულარობის მოპოვებას ცდის, ეს ტრადიციულ ბრენდებთან, მათ შორის Renault Group-თან ურთიერთობის გაღრმავება იქნება.




























