2030 წლისთვის ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების წილი მთლიანი შიდა პროდუქტიდან 7% უნდა იყოს. "ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიის" 2024 წლის სამოქმედო გეგმაში ნათქვამია, რომ საბაზისო 4,2%-იანი მაჩვენებელი 2025 წლისთვის 5%-მდე უნდა გაიზარდოს.
ამასთან, დოკუმენტში საუბარია ჯანდაცვაზე შინამეურნეობების მიერ გაწეულ დანახარჯებზე და აღნიშნულია, რომ საბაზისო 17,4%-დან ის მიმდინარე წლისთვის 14%-მდე, 2030 წლისთვის კი 10%-მდე უნდა შემცირდეს.
ჯანდაცვის სერვისების უნივერსალური მოცვის ინდექსის 2030 წლის სამიზნე მაჩვენებლად 95%-ია განსაზღვრული საბაზისო 68%-დან. 2024 წელს კი შუალედური მაჩვენებლით, ეს მონაცემი 75% უნდა იყოს. დოკუმენტში საუბარია ონკოლოგიური დაავადებების ადრეული გამოვლენისა და მართვისთვის წინასადიაგნოსტიკო კვლევების დაფინანსების მექანიზმების შემუშავებაზე, რომლის ვადად მიმდინარე წლის პირველი კვარტალია დასახელებული.
გამოყოფილია კიდევ ერთი ინდიკატორი, ეს გახლავთ ჯანდაცვაზე ჯიბიდან დანახარჯებში მედიკამენტების წილი, რომელიც გეგმის თანახმად, 48%-დან ამ წლის განმავლობაში 40%-მდე, 6 წლიან პერსპექტივაში კი 25%მდე უნდა შემცირდეს.
გეგმაშია პოლიპრაგმაზიის რისკების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, სასწრაფოს დახმარების ბრიგადის ადგილზე მისვლის დროის შემცირება არსებული 15-დან 8წთ-მდე, საექთნო ადამიანური რესურსების განვითარების მრავალწლიანი გეგმის მომზადება და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის შექმნისას პირთა მიმართვიანობის წილის ზრდა პირველადი ჯანდაცვის ცენტრისადმი.
რამდენად რეალისტურია დასახული გეგმის სისრულეში მოყვანა და რა ნაბიჯების გადადგმაა შედეგის მიღებისთვის საჭირო?
სტუმარი: ზურაბ ჭიაბერაშვილი - ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი;