ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2030 წლისთვის ქვეყანა იქნება კიდევ უფრო მეტად წარმატებული, ძლიერი და მდიდარი. დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, პრემიერმა ისაუბრა ხედვა 2030-ზე, რომლის მიხედვითაც გაწერილია კონკრეტული ნაბიჯები, რაც მთავრობამ უნდა გადადგას მომდევნო შვიდი წლის მანძილზე.
„2030-სთვის ქვეყანა იქნება კიდევ უფრო მეტად წარმატებული, ძლიერი, მდიდარი, უკვე სხვა ლიგაში, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, გადავა ქვეყანა. იგივე საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის და სხვათა შეფასებებით, ჩვენს ქვეყანაში მომდევნო 5 წლის განმავლობაში, გვექნება ყველაზე მაღალი ზრდა, მთელი ევროპის მასშტაბით. შედეგად როგორც მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის ექსპერტები ამბობენ, ძალიან მალე ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლები გადააჭარბებს 10 000 დოლარს. ეს შეიძლება მოხდეს 2-3 წელიწადში, მაქსიმუმ. ამიტომ, ვისაც ამ განვითარების, ამ წინსვლის, მშვიდობის, სტაბილურობის შეფერხება და შენელება უნდა, მე არ მოვერიდები ამის თქმას, ისაა ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის მტერი. ამიტომ, ჩვენ და ეს ჩვენი ვალდებულებაა, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ეს მდგომარეობა და კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ,“- აღნიშნა პრემიერმა.