სახელმწიფოს ამ ეტაპზე ქარის ელექტროსადგურების მოწყობაზე ბიზნესთან ხელშეკრულება 34 პროექტზე აქვს გაფორმებული, საიდანაც 29 - კვლევის, ხოლო ხუთი პროექტი მშენებლობის ეტაპზეა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოდან ხდბა ცნობილი, სადაც განახლებადი ენერგიების განვითარების ხელშეწყობაზეა საუბარი.
მთავრობის ცნობითვე, 2031 წლამდე დაგეგმილია დაახლოებით 1300 მეგავატი ქარის, 1700 მეგავატი მზის და 1000 მეგავატი ჰიდროენერგეტიკული პროექტების განხორციელება. ამასთან, 2036 წლისთვის სისტემას მარეგულირებელი ელექტროსადგურების ჩათვლით დაახლოებით 2800 მეგავატი დაემატება, რის შედეგადაც ქვეყნის ჯამური დადგმული სიმძლავრე 11 500 მეგავატს მიაღწევს.
დღეს მდგომარეობით, საქართველოს ენერგოსისტემაში მხოლოდ ორი ქარის სადგურია ჩართული, რომელთა დადგმული სიმძლავრე ჯამში 40 მეგავატამდეა, მზის სადგურების სიმძლავრე კი მხოლოდ 11 მეგავატს შეადგენს. ქვეყნის ჯამური დადგმული სიმძლავრე კი 4800 მეგავატამდეა.




























