მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზაფხულში სიჭარბე, ზამთარში დეფიციტი - რა პირობებით უნდა გამოცხადდეს ენერგეტიკის სექტორში ახალი აუქციონი?

ენერგეტიკა

„გალტ ენდ თაგარტის“ შეფასებით, ენერგეტიკის სექტორში ახალი მხარდამჭერი აუქციონი სეზონური დისბალანსის შემცირების შესაძლებლობაა.

ის, რომ ახალი აუქციონი უნდა გამოცხადდეს ეკონომიკის მინისტრმა 16 ნოემბერს ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა. მარიამ ქვრივიშვილი ამბობს, რომ აუქციონი ახალი მოდელით გამოცხადდება. სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ განიხილება ე.წ ჰოლანდიური მოდელი.

საინვესტიციო ბანკი „გალტ ენდ თაგარტი“ კი მიიჩნევს, რომ ახალ აუქციონზე მიზანშეწონილია იმ ტექნოლოგიების წახალისება, რომლებიც ქვეყანას მეტად სჭირდება. წინასწარ ცნობილი წესები ინვესტორის რისკს შეამცირებს, ახალ სიმძლავრეს კი ქვეყნისთვის უფრო იაფს გახდის.

ანგარიშში რამდენიმე რეკომენდაციაა ასახული:

  1. ზამთრის გენერაციის წახალისება: უპირატესობა წყალსაცავიან ჰესებსა და ქარის სადგურებს, შემდეგ მოდინებაზე ჰესებს; ამ ტექნოლოგიებისთვის CfD-ის პირობების გადახედვა; მზის სადგურების განვითარება ქსელის ლიმიტების ფარგლებში.
  2. გამჭვირვალობა: შეზღუდვის წესების რიგითობის წინასწარ განსაზღვრა; მიმდინარე პროექტების სიისა და 10-წლიანი პროგნოზის გამოქვეყნება.
  3. მოთხოვნა და ექსპორტი: ადგილობრივი მოხმარებისა და ექსპორტის ხელშეწყობა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდირებული წესების შემუშავებამ აუქციონი არ დააყოვნოს.

ძირითადი პრინციპები შეიძლება აუქციონის პირობებშივე აისახოს, დეტალური რეგულირება კი პარალელურად დაიხვეწოს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ CfD-ის პირობები ტექნოლოგიების მიხედვით განსხვავდება. მზის სადგურების CfD (5.6 აშშ ცენტი/კვტ.სთ) მთელი წელი მოქმედებს, ქარის სადგურების CfD (6.0 ცენტი/კვტ.სთ) წლიურად 9 თვე (აგვისტო–აპრილი), ხოლო მოდინებაზე ჰესის CfD (6.5 ცენტი/კვტ.სთ) კი წლიურად 8 თვე (სექტემბერი-აპრილი). დანარჩენ თვეებში, ეს სადგურები ელექტროენერგიას ან ადგილობრივ ბაზარზე ყიდიან, ან პირდაპირ მომხმარებლებზე ან ექსპორტზე გააქვთ - რისი ფასიც, როგორც წესი, უფრო დაბალია ვიდრე მზის CfD. შედეგად, უკუგება ინვესტიციაზეც ტექნოლოგიების მიხედვით განსხვავდება.

„ინვესტორს საკუთარ კაპიტალზე 15%-იანი უკუგება (Equity IRR) სჭირდება. მზის სადგურებისთვის არსებული CfD უზრუნველყოფს 15.2%- იან უკუგებას, მაშინ როდესაც ქარის სადგურს 12.5%-იანი უკუგება აქვს, ხოლო მოდინებაზე ჰესს კი მხოლოდ 8.5%. შეზღუდვის რისკი ამ სხვაობას კიდევ ზრდის. გენერაციის შეზღუდვა ელექტროსადგურისთვის ნაკლებ გაყიდულ ენერგიას ნიშნავს. ყველაზე მგრძნობიარე შეზღუდვის მიმართ არის მოდინებაზე ჰესი: მაღალი შეზღუდვის სცენარში (ზაფხულის გენერაციის 50%-მდე) მისი უკუგება ინვესტიციაზე 8.5%-დან 6.0%-მდე ეცემა“ - ნათქვამია ანგარიშში.

“გალტ ენდ თაგარტის“ შეფასებით, 15%-იანი უკუგებისთვის ქარსა და მოდინებაზე ჰესს 12-თვიანი CfD და უფრო მაღალი ტარიფი სჭირდება: მაღალი შეზღუდვის გათვალისწინებით ქარის სადგურებს 7.2 ცენტი/კვტ.სთ, მოდინებაზე ჰესს კი 9.8 ცენტი/კვტ.სთ“

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები