მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2035 წლამდე NATO-ს წევრები თავდაცვის ბიუჯეტს 5%-მდე გაზრდიან - როგორია არსებული სტატისტიკა?

NATO
BM. GE
26.06.25 21:00
250

24-25 ივნისს, ჰააგაში გამართულ NATO-ს სამიტზე 32 წევრი ქვეყანა შეთანხმდა, რომ თავდაცვის ბიუჯეტის აქამდე არსებული 2%-იანი ნიშნული 5%-მდე აიწევს. სამიზნე პერიოდად კი 2035 წელი დასახელდა. გამოცხადებული ცვლილების თანახმად, ქვეყნებმა საკუთარი მშპ-ს 3.5% ძირითადი თავდაცვითი მოთხოვნილებებზე უნდა დახარჯონ, დანარჩენი 1.5% კი ინვესტიციის სახით თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებულ ისეთ მიმართულებებში უნდა ჩაიდოს, როგორებიცაა კიბერუსაფრთხოება და ინფრასტრუქტურა.

ერთი შეხედვით, ეს გადაწყვეტილება NATO-ს წევრების უპრეცედენტო ერთიანობაზე მიუთითებს, თუმცა გამოქვეყნებულ დოკუმენტში არაა დაკონკრეტებული, აღსრულების რა მექანიზმები იმოქმედებს. პირიქით, ქვეყნებს ექნებათ სრული თავისუფლება, როგორი სტრატეგიით მიუდგებიან საკითხს.

2024 წლის მონაცემებით, NATO წევრების მიერ თავდაცვაზე დახარჯული ბიუჯეტის საშუალო მაჩვენებელი მშპ-ს 2.61% იყო და 32 წევრიდან მხოლოდ 22-ს ჰქონდა 2%-იანი ნიშნული გადალახული. სიის სათავეში უცვლელად პოლონეთია, რომელიც უსაფრთხოებაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-ს ხარჯავს. მას ესტონეთი და ლატვია 3.4%-ით მოჰყვებიან. თავად შეერთებული შტატები, რომლის პრეზიდენტიც დიდი ხანია ქვეყნებს სამხედრო ბიუჯეტის გაზრდისკენ მოუწოდებს, ამჟამად 3.2%-იან ნიშნულზეა. რთულია ვითარება ესპანეთის შემთხვევაში, რომელიც თავდაცვაზე 1.2%-ზე მეტს არ ხარჯავს.

რამდენიმე დასავლეთ ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის ესპანეთმა, ბელგიამ და გერმანიამ, ასევე იტალიამ გამოთქვეს ეჭვი იმის შესახებ, თუ რამდენად შესაძლებელია 5%-იან ნიშნულამდე მიღწევა. აღნიშნულ ქვეყნებს შორის განსაკუთრებით გამოსაყოფია ესპანეთი, რომელმაც ექსკლუზიური შეთანხმების მიღწევა მოახერხა. როგორც პედრო სანჩესმა აღნიშნა, ქვეყანას 5%-იან ნიშნულამდე მისვლა არ დაევალება, რადგან ეს ეკონომიკურად არარეალისტურია. წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ესპანეთს 3.5%-იანი ნიშნული დაუწესდება და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა და ეფექტიანობა მუდმივად გაკონტროლდება. კრიტიკოსები შიშობენ, რომ ქვეყნების ნაწილმა, დაკისრებული ვალდებულება შესაძლოა, არაჯეროვნად შეასრულოს და მშპ-ს 5%-იანი ნიშნულამდე მისვლა სხვადასხვა მანიპულაციით მოახერხონ. ეს კი გაცხადებული გეგმის ეფექტურობაზე უარყოფითად აისახება.

თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდას განსაკუთრებულად მხარი NATO-ს წევრმა აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებმა დაუჭირეს, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან. პოლონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის ლიდერებმა მიზეზად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეების ზრდა და რეგიონში არსებული კონფლიქტი მოიყვანეს. მართალია, 32 ქვეყანას შორის ჰააგაში მიღებული გადაწყვეტილება NATO-ს ისტორიაში საეტაპო მოვლენაა, თუმცა მისი ჯეროვნად აღსრულება ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია. ექსპერტების შეფასებით, გეგმა წარმატებული იქნება მხოლოდ მაშინ, თუ ქვეყნები გამჭვირვალედ იმუშავებენ და რეალურ ნაბიჯებს გადადგამენ. წევრი სახელმწიფოები პროგრესს ყოველწლიურად განიხილავენ, თუმცა ამ მხრივ მნიშვნელოვანი იქნება 2029 წელი, როცა პროგრესის შუალედური შეფასება მოხდება.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები