დიდი ბრიტანეთი და NATO-ს წევრი ცხრა მოკავშირე სახელმწიფო, მათ შორის: ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი, ნიდერლანდები, დანია, ისლანდია, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ჩრდილოეთ ატლანტიკის, არქტიკისა და ბალტიის ზღვის მასშტაბით რუსული წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებს აძლიერებენ და ახალ საზღვაო ალიანსს ქმნიან.
ბრიტანეთის ლიდერობით შექმნილი გაერთიანებული საექსპედიციო ძალების (JEF) ალიანსი რუსეთის მხრიდან კრიტიკულ წყალქვეშა ინფრასტრუქტურაზე შესაძლო ჯაშუშობისა და საბოტაჟის მზარდ საფრთხეებს უკავშირდება.
რაც შეეხება ფინანსურ კოორდინაციას, JEF-ი ნატოსგან დამოუკიდებელ ბიუჯეტს არ ფლობს, თუმცა მონაწილე ათი ქვეყნის ჯამური თავდაცვის ბიუჯეტი დაახლოებით $226 მილიარდს უტოლდება. ამასთან, წამყვანი ქვეყანა, დიდი ბრიტანეთი ახალი საინვესტიციო გეგმის ფარგლებში ოთხი წლის განმავლობაში თავდაცვაზე £298 მილიარდს დახარჯავს, საიდანაც £1.5 მილიარდი პირდაპირ ავტონომიური ფლოტის განვითარებას მოხმარდება.
ამ მიმართულებით მოკავშირეების მობილიზება რუსეთის მიერ წყალქვეშა კაბელებთან და მილსადენებთან მიმდინარე აქტივობებმა განაპირობა. შეგახსენებთ, რომ 2026 წლის აპრილში ბრიტანელმა სამხედროებმა კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან სამი რუსული წყალქვეშა ნავი, მათ შორის სპეციალური დანიშნულების აპარატები დააფიქსირეს. მოგვიანებით კი აშშ-ის, ბრიტანეთისა და ნორვეგიის ძალებმა აღკვეთეს სვალბარდის არქიპელაგთან მიმდინარე ის რუსული ოპერაცია, რომლის ფარგლებშიც ღრმაწყლიანი აპარატები კაბელების ფარულად დაზიანებას ცდილობდნენ.
























