წლიურად დაახლოებით 20.6 მილიონი ახალი შემთხვევისა და თითქმის 10 მილიონი გარდაცვალების მაჩვენებლით, კიბო გლობალურად სიკვდილიანობის გამომწვევ მეორე წამყვან მიზეზად კვლავ რჩება, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემდეგ. კიბო ყოველდღიურად 26 000-ზე მეტ სიცოცხლეს იწირავს - ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ 8 ივლისს გამოქვეყნებულ ანგარიშშია საუბარი.
ორგანიზაციის შეფასებით, ამ ტენდენციის შესაცვლელად საჭირო ადამიანზე ორიენტირებულ მიდგომაზე ფუნდამენტური გადასვლა იქნება, რომელიც დაავადებულთა და ადგილობრივი თემების ჯანმრთელობის საჭიროებებსა და რეალურ გამოცდილებას უპასუხებს.
გადაუდებელი ზომების მიღების გარეშე, პროგნოზირებულია, რომ კიბოს წლიური შემთხვევების რაოდენობა 2050 წლისთვის თითქმის 35 მილიონამდე გაიზრდება.
ჯანმოს "კიბოს გლობალური სტატუსის შესახებ 2026 წლის ანგარიში", რომელიც კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოსთან (IARC) ერთად მომზადდა, მოიცავს პროგრესის ყოვლისმომცველ ანალიზს ისეთ საკვანძო სფეროებში, როგორებიცაა პოლიტიკური ნება, კიბოს პრევენცია - განსაკუთრებით თამბაქოს კონტროლისა და ვაქცინაციის პროგრამების მეშვეობით - და ინვესტიციები მკურნალობაში.
თუმცა, ანგარიში ასევე ავლენს მუდმივ და მზარდ უთანასწორობას პრევენციის, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და დამხმარე თერაპიის ხელმისაწვდომობაში, რაც მილიონობით ადამიანს საჭირო მომსახურების გარეშე ტოვებს.
ანალიზი აჩვენებს, რომ მაშინ როდესაც მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ძუძუს კიბოს მქონე ქალების 87% დიაგნოზის დასმიდან 5 წლის შემდეგაც ცოცხლობს, დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 42%-ს შეადგენს. მსოფლიოს ქვეყნების მხოლოდ მესამედზე ნაკლები მოიცავს კიბოს მკურნალობას საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტებში.
ჯანმრთელობაზე გავლენის გარდა, კიბო რჩება ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ფინანსურ და სოციალურ გამოწვევად ოჯახებისთვის. ჯანმოს მიერ ჩატარებულმა პირველმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ პაციენტების სულ მცირე 45% განიცდის ფინანსურ სირთულეებს, ნახევარზე მეტი მიუთითებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე, ხოლო მომვლელთა თითქმის ყველა წარმომადგენელი საუბრობს გადაღლილობაზე, სოციალურ იზოლაციასა და აუნაზღაურებელ შრომაზე.
ანგარიში მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ ონკოლოგიური პაციენტები კიბოსთან ბრძოლის ძალისხმევის ეპიცენტრში მოექცნენ. ანგარიში მთავრობებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოებას, აკადემიურ წრეებს, კერძო სექტორსა და ჯანმოს მოუწოდებს, ერთობლივად იმუშაონ დაავადებული პირებისა და მათი ოჯახების სრულყოფილი და ადამიანზე ორიენტირებული მზრუნველობის უზრუნველსაყოფად.
ამ ხედვის მხარდასაჭერად, ანგარიში გვთავაზობს სამ სტრატეგიულ მიმართულებას, რომლებიც უნდა განხორციელდეს ყველა ქვეყანაში:
- შესაძლებლობების გაუმჯობესება: კიბოს კონტროლის ინტეგრირება საყოველთაო ჯანდაცვაში და ინვესტირება ადამიანურ კაპიტალში დაავადების პრევენციისა და კონტროლისთვის;
- დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება: პაციენტების რეალური გამოცდილების დაყენება ჯანდაცვის სისტემების ცენტრში და სოციალური დაცვის გაძლიერება;
- ღირებულების ამაღლება: კვლევებისა და ინოვაციების შესაბამისობაში მოყვანა საზოგადოებრივი ჯანდაცვის საჭიროებებთან და მკურნალობის თანამედროვე მიღწევებზე თანაბარი წვდომის უზრუნველყოფა.




























